ეს ხალხი არასერიოზულია, – ასე უპასუხა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს „ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ 5 ოქტომბრიდან, როგორც ოპოზიციონერი პროდასავლელი მერი, ყოველ საღამოს დანიშნავს სანქცირებულ აქციას, ხოლო ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ კუპრაძე მუნიციპალური სერვისების გაფიცვას გამოაცხადებს.
„ანუ, რა გამოდის, კახი კალაძე ამბობს, როგორც ვმუშაობდი, ვიმუშავებ უკეთესად და რასაც ვაკეთებდი, გავაკეთებ კიდევ უფრო უკეთესადო, ეს არის წინასაარჩევნო კამპანია და ამას მაგალითებით ამბობს, კუპრაძე კი გამოდის და ამბობს, რასაც კალაძე აკეთებდა, იმასაც არ გავაკეთებ და რაც გაკეთებული აქვს, იმასაც გავაფუჭებ, ავტობუსებს არ ვამუშავებ, მეტროს გავაჩერებ, დასუფთავების სამსახურს გავაჩერებ, საჯარო მოხელეებს ვეტყვი ძალით, რომ გაიფიცონ და ასე შემდეგო. ანუ, რეალობაში, ეს ხალხი ეუბნება თავის ამომრჩეველს, ამირჩიე მერად და საკრებულოში უმრავლესობით იმიტომ, რომ რაც დღეს კეთდება, ისიც არ გაკეთდეს და უარეს მდგომარეობაში ჩავარდნენ თბილისელები, რეგიონებში კი ქართული საზოგადოებაო, ხომ? ეს არის სერიოზულობა?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ვინც ვითომ მონაწილეობს არჩევნებში და ვითომ უნდა, ცივილიზებულად მიიღოს მონაწილეობა პროცესებში, ეს ხალხიც კი ვერ ჩამოყალიბებულა იმაზე, საერთოდ რა უნდათ ამომრჩევლისგან.
„ელემენტარულად, რატომ უნდა მისცე ხმა, მაგალითად, „ლელოს“ და გახარიას ერთობლივ კანდიდატს ან თბილისში, ან რეგიონებში? იმისთვის, რომ შევიდნენ მერე იქ ან მერად, ან საკრებულოში, გაიფიცონ, ნაგავში დატოვონ ქალაქები და ქუჩები, ავტობუსები გააჩერონ, თბილისში მეტრო გააჩერონ, საჯარო მოხელეებს უბიძგონ გაფიცვისკენ, თუკი მათ არ სურთ გაფიცვა და ასე შემდეგ? წარმოიდგინეთ ამის აბსურდულობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მეორე მხარე, რომელიც ვითომ რევოლუციისთვის ემზადება, ამბობს, რომ თურმე 4 რიცხვში უნდა მოხდეს რევოლუცია და „საკითხავია, რატომ 4-ში?“
„რატომ 4-ში? რევოლუციები ისტორიაში ხდება არა ციფრების და რიცხვების მიხედვით, არამედ იმ საყოველთაოდ მომეტებული დუღილის ტემპერატურის შესაბამისად და თუ ეს დუღილის ტემპერატურა, უკვე თვეებია, არსებობს, 4 ოქტომბერი რა შუაშია? ხვალ და ზეგ რატომ არ შეიძლება, მოხდეს? ან 25-ში გააკეთონ, ან 26 სექტემბერს, მაგრამ არაფერი დუღილის ტემპერატურა არ არსებობს, ჩამოკიდებული არიან, ზოგადად, მოვლენებზე, მაგალითად, ამ შემთხვევაში 4 ოქტომბერს არჩევნებია და ახლა არჩევნებთან დაკავშირებით უნდათ, ეს პროცესები განავითარონ. ეს არის ზუსტად ხავსს მოკიდება იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე რეალურად რესურსი საერთოდ აღარ გააჩნიათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, 4 ოქტომბერს მოვლენები რადიკალური სცენარით განვითარდეს, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, მათ ამის მცდელობა ექნებათ, მაგრამ არ გამოუვათ.
„ძალადობრივი აქცია თუ არ გინდა და მშვიდობიანი აქცია გინდა, რატომ ითვლი, რამდენი პოლიციელია განსაკუთრებული დანიშნულების დეპარტამენტში, რატომ ითვლი ამას, რამდენი ათასია და შენ რამდენი ათასი იქნები? ხაჩიძემ თუ ვიღაცამ თქვა, ათი ათას ადამიანს შეუძლია ნებისმიერი შენობის ბლოკირებაო და ეს ხომ ძალადობრივი აქციაა? რას ნიშნავს ბლოკირება? საჯარო ინსტიტუტებში ხალხი მუშაობს და შენ რა უფლებით ახორციელებ ამის ბლოკირებას? მშვიდობიანი აქცია თუ გინდა, გამოდი მშვიდობიანად, ჩაატარე ეს აქცია რამდენ ხანსაც გინდა და თუ მოხდება რამე დარბევა, კი ბატონო, მერე ვისაუბროთ უსამართლო მიდგომებზე, მაგრამ შენ თავიდანვე აცხადებ ამას, რომ მართალია, ცოტანი ვიქნებით, მაგრამ ჩვენ ძალას გამოვიყენებთ, აგერ პოლიციელებს დავუპირისპირდებით, რამდენი ათასი არიან, ჩვენ ამდენი ათასი ვართ, აბა, ვინ ვის მოერევა, იქ ბლოკირება როგორ უნდა მოვახდინოთ შენობებისო და ეს არის ზუსტად ე.წ. რევკომის გეგმები, სად ბლოკირება მოვახდინოთ, სად შევვარდეთ, სად პოლიციას დავუპირისპირდეთ და ასე შემდეგ. ეს არის რეალობა და უკვე გახსნილად საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მეტი დღის წესრიგი აღარ აქვთ საერთოდ, გარდა იმისა, რომ ძალადობრივ აქციებზე ისაუბრონ. ერთმანეთსაც აღარ ინდობენ უკვე, ახლა კუპრაძესაც დასცინიან და ელისაშვილსაც დასცინიან, აბა, როგორ გამოგლიჯავთ თბილისს, როგორ გამოგლიჯავთ რეგიონებს და ასე შემდეგო. ეს მოწოდებები ზუსტად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და აბსურდულობას ყველაფერთან ერთად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ხელისუფლება 4 ოქტომბრის აქციაზე ოპოზიციის მხარდამჭერი კონკრეტული უცხოელი პარტნიორებისგან აქტივობებს, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, რადიკალური ძალების მიმართ მათ მხარდაჭერას საზოგადოება დღემდე ხედავს არა მხოლოდ განცხადებების, არამედ დაფინანსების დონეზე, იმავე საელჩოებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
„ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ იქნებ მიხვდნენ ამას, რომ 4 ოქტომბერი იყოს ის ბოლო ნიშნული, როცა ქართველი ხალხი მორიგ ჯერზე ეტყვის მსოფლიო საზოგადოებას, რომ ჩვენ ვირჩევთ ამ ხელისუფლებას არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ვირჩევთ, არამედ იმიტომ, რომ ვირჩევთ მის პოლიტიკას, მშვიდობას, ტრადიციების დაცვას, რწმენას და პარტნიორულ და არა ვასალურ ურთიერთობებს ქვეყნებთან, რასაც ასევე საუბრობს აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი. დღეს ერთ-ერთმა ეგრეთ წოდებულმა კრიტიკულმა ჟურნალისტმა მკითხა, რატომ ამბობთ, რომ პრობლემები გაქვთ ევროკავშირთან და, საერთოდ, რატომ გაქვთ პრობლემები ევროკავშირთანო, და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს ხომ ყველა ვკითხულობთ? თავად ტრამპი და სახელმწიფო მდივანი ამბობს, ევრობიუროკრატია არის ევროკავშირში და უსამართლოდ ექცევა ამერიკას ევროკავშირიო და საქართველოს რომ მოექცეს უსამართლოდ და ჩვენ ხმა ამოვიღოთ, ეს რატომ უნდა აღიქვას ვიღაცამ უსაფუძვლო კრიტიკად? ეს უნდა აღიქვას ისე, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ უცხო ძალები, რა თქმა უნდა, სუსტები არ არიან, თუმცა მათი აგენტურა საქართველოში არ არის მაინცდამაინც ნიჭიერი, ისინი ვერ უსრულებენ იმ მიზნებს, რაც მათ გააჩნიათ და ეს საქართველოსთვის სასიკეთოა, მაგრამ ამ აგენტურის სისუსტე არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მოადუნოს და თქვას, ახლა უკვე დამარცხებულია „დიფ სთეითი“ და ასე შემდეგ.
„მობილიზებაა საჭირო მთელი საზოგადოების ისევ, მორიგ ჯერზე 4 ოქტომბერს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
