გურამ მაჭარაშვილი - თუ გვსურს, ანაკლიის პროექტი შესრულდეს, აუცილებელია, პროცესებში საერთაშორისო ნდობის მქონე კომპანია ჩაერთოს
გურამ მაჭარაშვილი - თუ გვსურს, ანაკლიის პროექტი შესრულდეს, აუცილებელია, პროცესებში საერთაშორისო ნდობის მქონე კომპანია ჩაერთოს

თუ გვსურს, ანაკლიის პორტის პროექტი შესრულდეს, აუცილებელია ისეთი კომპანია იყოს ჩართული პროცესებში, რომელსაც აქვს რესურსი, შესაძლებლობა და სანდოობა საერთაშორისო ბანკებში, რომელსაც საჭირო ინვესტიციას მისცემენ, – ამის შესახებ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების შესახებ.

მისი თქმით, კონსორციუმს ბევრჯერ მიეცა ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა, მათ ვერ მოიზიდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხა.

„სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში იყო ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობა, მთავრობის მხრიდან ვალდებულებების შესრულების პერიოდის არაერთგზის გაგრძელება, თუმცა ჩვენ საპირწონედ არ მოგვისმენია არანაირი სერიოზული არგუმენტი, რა შეიძლება, ყოფილიყო ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი და იმედი, რომ მომავალში ისინი მოიზიდავდნენ სერიოზულ ინვესტიციებს. სამწუხაროდ, ეს რეალური აღმოჩნდა, 31 დეკემბერს ვნახეთ, რომ ვერ მოიზიდეს თანხა, რაც იყო მათი ვალდებულება ამ პროექტით. თუ გვინდა, ეს პროექტი შესრულდეს, ვფიქრობ, ლოგიკური და აუცილებელიც არის, ისეთი კომპანია იყოს ჩართული პროცესებში, რომელსაც რესურსი, შესაძლებლობა და სანდოობა გააჩნია საერთაშორისო ბანკებში, რომელსაც ამ ინვესტიციას მისცემენ“, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.