გურამ მაჭარაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ სააკაშვილის რეჟიმი არის დანაშაულებრივი, უკრაინის ხელისუფლებაში კარგად იციან, რომ ადეიშვილი იყო მაღალჩინოსანი სააკაშვილის ხელისუფლებაში
გურამ მაჭარაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ სააკაშვილის რეჟიმი არის დანაშაულებრივი, უკრაინის ხელისუფლებაში კარგად იციან, რომ ადეიშვილი იყო მაღალჩინოსანი სააკაშვილის ხელისუფლებაში

სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადასტურებული და აღიარებულია, რომ სააკაშვილის რეჟიმი არის დანაშაულებრივი რეჟიმი და უკრაინის ხელისუფლებაში ძალიან კარგად იციან, რომ ადეიშვილი იყო მაღალჩინოსანი სააკაშვილის ხელისუფლებაში, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„უკრაინაში ახლაც გაიგზავნა წერილი ადეიშვილთან დაკავშირებით და პასუხი უკვე მივიღეთ; მართალია, ზეპირი, მაგრამ არ მგონია, წერილობითი პასუხი განსხვავებული იყოს; არათუ არ გადმოგცემთო, პირიქით, აქეთ რაღაც პირობები დაგვიყენეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ადეიშვილს გარე ძალები მფარველობენ და გადაცემაში სტუმრად მყოფი ალეკო ელისაშვილის განცხადებას უპასუხა, სადაც ელისაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანი ძებნილია, ის ძებნის გამომცხადებელი ქვეყნის პროკურატურის მოთხოვნით ინტერპოლის მეშვეობით უნდა იძებნებოდეს, მაგრამ, ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამისთვის არაფერი გაუკეთებია, ადეიშვილი 2015 წლის შემდეგ აღარ იძებნება წითელი ცირკულარით და ამიტომ ევროპელები არაფერ შუაში არიან.

„დაისვა პრეტენზია, რატომ მოიხსნა ადეიშვილი ცირკულარიდან და რატომ არაფერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ავიღოთ დღევანდელი სიტუაცია, დღეს ხომ უკვე მერამდენედ მივმართეთ ადეიშვილთან დაკავშირებით და დღესაც პირდაპირ უარს გვეუბნებიან. აქ რა პასუხია მაშინ? ელისაშვილის მხრიდან ეს, როგორც მინიმუმ, არაგულწრფელი განცხადებაა. ალეკო ელისაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ადეიშვილს სახეზეც ცნობენ, იციან, ვინ არის და უკრაინის ხელისუფლებაში კარგად იფარებენ. რას ამბობს ახლა ელისაშვილი, რომ ადეიშვილს არ იცნობენ უკრაინის ხელისუფლებაში და ევროპაში? ევროპული სახელმწიფოები არ იცნობენ თავიანთი ინსტიტუტის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავედ არის გამოცხადებული? ლოგიკური დასკვნა სად მიდის? იქითკენ, რომ მას მფარველობენ, აშკარად და პირდაპირ. მფარველობენ ის უცხოური ძალები, რომლებიც განაგებენ ასევე უკრაინის ხელისუფლებას. ჩვენი თუ არ სჯერა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ „ხალხის ძალა“ არასწორ განცხადებებს აკეთებს, არესტოვიჩის მაინც დაიჯერონ, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. ის ერთი ერთში იმეორებს იმას, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ იმართება დამოუკიდებლად და იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ძალებია ის ძალები, მათ შორის, ევროპარლამენტარები, რომლებიც ალაპარაკებდნენ – აისეირნეთ აფხაზეთში, მეორე ფრონტი გახსენით და ა.შ.“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელია, როგორც დავით არახამიას განცხადება ადეიშვილთან დაკავშირებით, ასევე ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთა განცხადება, სადაც ისინი უკრაინასთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

„ომში მყოფი ქვეყანა არ არის გამართლება. ომში ჩვენც ვიყავით, მაგრამ არავისთვის მოგვითხოვია, ჩვენი ქალებისა და ბავშვების დახოცვაში შეგვეხიდეთ-თქო. ასეთი რამ არავისთვის მოგვითხოვია. ყველამ მოზომოს თავისი ემოციები. სირცხვილია, როდესაც საქართველოს მოქალაქე და, მით უმეტეს, პარლამენტის წევრი შენი ქვეყნის შეურაცხმყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქებ და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებ იმაში, რომ ბავშვებისა და ქალების დახოცვაში არ შეეხიდე უკრაინას. მერე რა, რომ ოპოზიციაში ხარ? პარლამენტის წევრი ხარ, შენს ქვეყანას წარმოადგენ, ფიცი გაქვს დადებული შენი ქვეყნის ერთგულებაზე და როცა სხვა ქვეყნის ხელისუფლება, უკვე ორი წელია, პირდაპირ, საჯაროდ მოგიწოდებს, აქ შენი ქალები და ბავშვები ჩახოცო, მიგაჩნია, რომ საქართველომ ეს უნდა შეასრულოს, ეს, ელემენტარულად, სირცხვილია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველომ ღირსება აღიდგინა და შესუსტებული სუვერენიტეტი გააძლიერა.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია, პასუხი გავცეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რასაც თუნდაც სამი-ოთხი თუ ხუთი წლის წინ შეფარულად ვაკეთებდით, იქიდან გამომდინარე, რომ ამის რესურსი გაცილებით ნაკლები იყო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შენს ქვეყანაში, განსაკუთრებით, პარლამენტის წევრს, იმის ღირსება უნდა გაგაჩნდეს, რომ შეგეძლოს, შენი ქვეყნის შეურაცხმყოფელ განცხადებებს სათანადო პასუხი გასცე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.