გურამ მაჭარაშვილი - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას პერსპექტივა არ აქვს
გურამ მაჭარაშვილი - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას პერსპექტივა არ აქვს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას პერსპექტივა არ აქვს არც სამართლებრივი და არც ლოგიკური თვალსაზრისით.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, კანონში ცვლილებები იმიტომ შევიდა, რომ დაცული იყოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლებები – სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„არ მგონია, რომ რომელიმე სხვა უფლება იყოს უფრო ღირებული და მაღალი, ვიდრე არის კონსტიტუციით დაცული სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ეს ცვლილებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად რომ არის მომზადებული, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ ვერც ერთი ვარიანტი ვერ წარმოადგინა ჩვენ მიერ შეთავაზებულ სამ ვერსიაზე. კერძოდ – საგანგებო მდგომარეობა გაგვეგრძელებინა, რაც ხელს უშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ? – ამაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღეს. ვერც იმაზე აიღეს პასუხისმგებლობა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნებოდა და „კოვიდ 19“-ის გავრცელების რისკი ძალიან მაღალი იქნებოდა. ასევე ვერანაირი ვარიანტი ვერ შემოგვთავაზეს, რითაც მყისიერად ექნებოდა მთავრობას იმის საშუალება, რომ თუ რაიმე სახის საფრთხე იარსებებდა, მას გარკვეული ზომები მიეღო. მთავრობამ შეზღუდვების განხორციელება პროპორციულად მოახდინა ორი თვის განმავლობაში. ამ კანონში ჩავწერეთ არა მხოლოდ ის, რომ მთავრობას დროებით შეუძლია შეზღუდვების დაწესება, არამედ დავაკონკრეტეთ ისიც, რომ თუ შეზღუდვების დაწესება მოხდება, ეს უნდა განხორციელდეს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გათვალისწინებით და დაცვით. მითითებულია ისიც, რომ შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური იმ მოსალოდნელ ზიანთან, რომლის საფრთხესაც დაინახავს მთავრობა”, – აცხადებს დეპუტატი.

მაჭარაშვილის მტკიცებით, ხელისუფლებისა და კანონის მიზანი იყო, არის და იქნება – ადამიანის სიცოცხლის დაცვა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ეჭვებს, ოპონენტების პოზიცია გასაგებია, მათ იმის ცდუნება ყოველთვის ჰქონდათ და პრაქტიკაშიც ახორციელებდნენ, რომ ნებისმიერი უფლება გამოეყენებინათ მათი ვიწრო, კერძო პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენს მთავრობას ეს ორი თვის განმავლობაში არ გამოუყენებია და ეს საზოგადოებამ კარგად დაინახა. ზუსტად ვიცით და დარწმუნებული ვართ, რომ არც მომავალში გამოიყენებს. თუ თეორიულ შანსს დავუშვებთ, რომ მთავრობამ არაპროპორციული შეზღუდვები დააწესოს, სწორედ იმისთვის არსებობს პარლამენტი, რომ ხელი შეუშალოს ასეთი სახის ქმედებებს. თუ რაიმე სახის არასწორი გადაცდომა იქნება, პარლამენტს უამრავი ბერკეტი აქვს, რომ იმოქმედოს. თუნდაც, ნორმატიული აქტი გააუქმოს, პრემიერი დაიბაროს და შეუძლია, მთავრობას უნდობლობაც გამოუცხადოს. პარლამენტის იმისთვის არსებობს, რომ მთავრობას ფუნქციები მისცეს, რათა ქვეყნები და პროცესები მართოს, რასაც აკეთებდა, თუ ამას ვერ გააკეთებს, მაშინ ეს პროცესები გააუქმოს და პრემიერი დაიბაროს. არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე სახის არგუმენტი წარადგინონ იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ჰქვია – კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. თუ ადამიანი ცოცხალია, მაშინ აქვს ინტერესი დანარჩენ უფლებებზე, სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი ბუნებრივად უინტერესოა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი გუშინ დაამტკიცა. პრეზიდენტმა ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა და ძალაში შევიდა. კანონს დროებითი სახე აქვს და ის 15 ივლისამდე იმოქმედებს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, უფლებრივი შეზღუდვის შესაძლებლობა აქვს, მათ შორის, პირთა მიმოსვლის და ეკონომიკური საქმიანობის.