გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული, ნებისმიერი პროვოკაციული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მიუღებელია
გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული, ნებისმიერი პროვოკაციული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მიუღებელია

საქართველოს პოლიტიკა პრინციპულია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშთარისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მიუღებელი და დასაგმობია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითიც გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა აღნიშნა: „რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ“.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, აქ პროვოკაციული ნიშნებიც ჩანს.

„სამწუხაროდ, 2008 წელს რუსეთმა ჯერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და შემდეგ „აღიარება“ და მაშინ პუტინი-ლავროვი ხომ არ იყვნენ რუსეთის ხელისუფლებაში, როგორც დღეს არიან? თუ მაშინ სააკაშვილის ხელისუფლება ლოიალურ პოლიტიკას აწარმოებდა და რუსეთს სტრატეგიული ობიექტებიც კი გადასცა, ჩვენ რუსეთს სამი საერთაშორისო სასამართლო მოვუგეთ. ხალხმა ნახოს, ვინ არის რუსული პროპაგანდის მომხრე და ვინ – არა. იმედი გვაქვს, სტატუსთან დაკავშირებით ბრიუსელის პოლიტიკა რადიკალური ოპოზიციისა და რუსეთის პოლიტიკას არ დაემთხვევა. საქართველოს არაღიარების პოლიტიკა წარმატებულია და იმედია, ამ პოლიტიკას არავინ შეცვლის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.