გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ანდრიუს კუბილიუსის ბოლო განცხადება იმის დადასტურებაა, რომ ის მხარე გახდა და არა საქართველოს მეგობარი, რაც მისი გადასაწყვეტია
გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ანდრიუს კუბილიუსის ბოლო განცხადება იმის დადასტურებაა, რომ ის მხარე გახდა და არა საქართველოს მეგობარი, რაც მისი გადასაწყვეტია

სამწუხაროდ, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის ბოლო განცხადება იმის დადასტურებაა, რომ ის მხარე გახდა და არა საქართველოს მეგობარი, რაც მისი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საინტერესოა, ანდრიუს კუბილიუსი იმაზე რას იტყოდა, თუ მის ქვეყანაში მისი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ექნება გამოტანილი, სადაც მხილებული იქნებოდა სისტემურ დანაშაულში.

„მაინტერესებს, ასეთ გადაწყვეტილებას რას უპასუხებდა ან ამ განცხადებით რას უპასუხებს საქართველოს იმ უამრავ მოქალაქეს, რომელმაც სააკაშვილმა ზიანი მიაყენა. საქართველოს ისტორია გრძელდება და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ვერც ევროპაში და ვერც საქართველოში ვერავინ დააზიანებს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარი უნდა ითვალისწინებდეს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას ნებისმიერი მოვლენის მიმართ. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ბრალის მიმართ საზოგადოების უმეტესობას კითხვები არ აქვს და ეს გასაგები უნდა იყოს კუბილიუსისთვის და სხვა ყველასთვის”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელეს.