ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ვეთანხმებით დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები, ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ გარემო დაჩრდილა ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა ბრალდებებმა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის და არათანასწორი თამაშის წესების შესახებ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენ ვიზიარებთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეშფოთებას პოლარიზებული მედია გარემოს, რესურსებს მნიშვნელოვანი დისბალანსის, კამპანიის დაფინანსების არასაკმარისი ზედამხედველობის, ქალების არასათანადო წარმომადგენლობით კამპანიაში, ასევე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების დაუბალანსებლობის გარდა, განსაკუთრებულ შეშფოთება იწვევს პოლიტიკური ველის პოლარიზაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზეც.­ ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. ქართველი ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალი სტანდარტს. მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს, უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი“,- აღნიშნულია კუბილიუსისა და იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებაში.

კუბილიუსი და იუკნევიჩიენე მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, „დაიწყონ ხიდების შენება, რაც ნორმალური პოლიტიკური დიალოგის პროცესს შესაძლებელს გახდის“.

„ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე გამოძიებული იქნება საქართველოში ევროპული მართლმსაჯულების სისტემის შესაბამისად. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ შეშფოთებული ვართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სააკაშვილისადმი გაჟღერებული ბოლო საჯარო მუქარით, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის დამძიმებას ეხება, თუ ის კარგად არ „მოიქცევა“. ეს აჩვენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე რეალურად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რაც არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსს. ეს არის მკაფიო მტკიცებულება, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ კვლავ ვერ გადალახა მართლმსაჯულების პოლიტიზების ცდუნება, რაც სავალალოა და შეუსაბამოა კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებთან. ევროკავშირის ქვეყანაში ასეთი განცხადება, რომელსაც მთავრობის ოფიციალური პირი აკეთებს, გამოიწვევდა მის დაუყოვნებლივ გადადგომას. პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების პერსონალური თავდასხმები ოპოზიური პარტიების ლიდერებზე ეწინააღმდეგება „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებს და უბრალოდ ამაზრზენია. ევროპული ტიპის მომწიფებულ დემოკრატიებში, რომლებიც ორმხრივ ნდობას და პატივისცემას ეფუძნება, ვერავინ ნახავდა მთავრობის და მმართველი პარტიის ლიდერების ასეთ ქცევას. მომწიფებული დემოკრატია და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა არის ევროპული ინტეგრაციის წინაპირობა. „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ ამ პირობების შესრულება.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, დაიწყონ ხიდების შენება, რაც ნორმალური პოლიტიკური დიალოგის პროცესს შესაძლებელს გახდის, ქვეყანა დაუბრუნდება პრო-ევროპულ რეფორმების გზას და ფოკუსირებული იქნება ქვეყნის განვითარების ასე საჭირო პროგრესის მიღწევაზე, რაც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ გაანიავოს უკვე მიღწეული შედეგები. ერთ მხრივ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების მხარდაჭერა გავაგრძელოთ, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ გზაზე წარმატება მოვა მხოლოდ მმართველი პარტიის, ოპოზიციის ერთობლივი,  თანმიმდევრული ძალისხმევით და ყველა პრო-ევროპული პოლიტიკური ძალის მუშაობის, რომელიც მიმართული იქნება ქართველი ხალხის ძლიერი სურვილის ასრულებისაკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“,- აღნიშნულია ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი