გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვერ ერკვევა, რუსეთისთვის უსაფრთხოების საბჭოზე გაკეთებული განცხადება უფრო მტკივნეული იქნება თუ გაერო-ში, ეუთო-სა და ჰააგაში
გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვერ ერკვევა, რუსეთისთვის უსაფრთხოების საბჭოზე გაკეთებული განცხადება უფრო მტკივნეული იქნება თუ გაერო-ში, ეუთო-სა და ჰააგაში

სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ვერ ერკვევა, რუსეთისთვის საქართველოს უსაფრთხოების საბჭოზე გაკეთებული განცხადება უფრო მტკივნეული იქნება თუ გაერო-ში, ეუთო-ში, ჰააგაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პროფესიონალიზმში მაინცდამაინც ვერ აქვთ საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა რამდენიმე არასამთავრობოს განცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პლატფორმაზე, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროსაბჭო თუ ჰააგის სასამართლო, ერთი ხმა აქვს, როგორც ყველა სახელმწიფოს, და ქვეყანა ამ ხმას ისე იყენებს, როგორც ცივილიზებული ქვეყნები.

„საქართველო საჯაროდ აფიქსირებს რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციას და უკრაინის მხარდამჭერ პოზიციებს აფიქსირებს. უფრო საჯაროდ თქმა რას ნიშნავს? – არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიები გაუგებარია. კარგია, რომ საზოგადოების უმეტესობა უფრო გონიერად აზროვნებს, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. არ მესმის, საქართველომ უფრო ხმამაღალი ტონით უნდა თქვას საჯარო პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად, თუ საერთაშორისო პლატფორმებზე ხმას ჩუმად აძლევს? როცა ასეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს ძალიან ცუდია. როგორც ჩანს, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციები საზოგადოებამ შეითავსა, რადგან პოლიტიკური პარტიები საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან და ეს გასაგებია, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.