გურამ მაჭარაშვილი - სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში აქტიური კონსულტაციები არ მიმდინარეობს
გურამ მაჭარაშვილი - სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში აქტიური კონსულტაციები არ მიმდინარეობს

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში აქტიური კონსულტაციები არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, სამთავრობო გუნდში გარკვეული ცვლილებების გატარება, როდესაც ეს ერთი მინისტრის შეცვლას ეხება, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაა, მაშინ, როდესაც, მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ავტომატურად ნიშნავს სამთავრობო გუნდის გადადგომასაც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში მთავრობის წევრები მოქმედი მინისტრები აღარ იქნებიან და მათ ახალი გუნდის დამტკიცებამდე, დროებით მოვალეობის შესრულება დაეკისრებათ.

დეპუტატი გარკვეული ცვლილებების აუცილებლობასაც არ გამორიცხავს.

„სამთავრობო ცვლილებებზე გუნდში აქტიური განხილვა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ბუნებრივია, რომ მთავრობაში მინისტრთა ცვლილებები დამოკიდებულია თავად პრემიერ-მინისტრზე, რომელ მინისტრს გაათავისუფლებს თუ ახალს დანიშნავს. რაც შეეხება ძირეულ სამთავრობო ცვლილებებს, ამაზე ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები გუნდში არ მიდის, თუმცა საპარლამენტო რესპუბლიკაში თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება, რაღაც კუთხით იყოს საჭირო. რაც შეეხება პრემიერის გადადგომას, ეს პრაქტიკულად ნიშნავს მთელი სამთავრობო გუდის გადადგომას, ცვლილებას, რაც იმის საფუძველია, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა გუნდმა უნდა დაიწყოს კონსულტაციები, თუ ახალი გუნდი როგორ ჩამოყალიბდეს. პრემიერის გადადგომა არ არის განხილვაში, თუმცა ეს გამოიწვევს იმას, რომ ყველა მინისტრი გადადგება. ამ კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრებს მოქმედი მინისტრებიდან დროებით მოვალეობის შესრულება დაეკისრებათ, ვიდრე ახალი გუნდი დაკომპლექტდება. ეს არის წესი და პროცედურა. ერთი და ორი მინისტრის გადადგომა არ იწვევს მთავრობის შეცვლას, მაგრამ პრემიერ-მინისტრის გადადგომა უკვე ნიშნავს მთავრობის ცვლილებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.