გურამ მაჭარაშვილი - სამარცხვინოა, რაც სააკაშვილთან მყოფმა პოლონელმა ექიმებმა ჩაიდინეს, ჯერ ამაზე გასცენ პასუხი ქართველ ხალხს და შემდეგ გააკეთონ განცხადებები
გურამ მაჭარაშვილი - სამარცხვინოა, რაც სააკაშვილთან მყოფმა პოლონელმა ექიმებმა ჩაიდინეს, ჯერ ამაზე გასცენ პასუხი ქართველ ხალხს და შემდეგ გააკეთონ განცხადებები

სამარცხვინო საქციელია, რაც სააკაშვილთან მყოფმა პოლონელმა ექიმებმა ჩაიდინეს. ჯერ ამაზე აგონ პასუხი, ქართველ ხალხს პასუხი გასცენ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომლითაც მან სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

„მას შემდეგ, რაც პოლონეთმა სააკაშვილის ნაწილ-ნაწილ გატანა სცადა საპყრობილიდან, ამ შემთხვევაში, საავადმყოფოდან, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. სულ მცირე, ეს არაპარტნიორული და არამეგობრულია. ამიტომ ყველამ უნდა მიხედოს თავის თავს და თავის პრობლემებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არანაკლები აქვს ყველა ქვეყანას, მათ შორის, ევროპაში. პარტნიორობაზე თუ არის საუბარი, სამარცხვინო საქციელია, რაც პოლონეთის ექიმებმა ჩაიდინეს. ჯერ ამაზე აგონ პასუხი, ქართველ ხალხს პასუხი გასცენ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რა მოლოდინები აქვს, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს, მაჭარაშვილმა აღნიშნა:

„ვერაფერს გეტყვით, რას ველოდები ზურაბიშვილისგან, რადგან იმდენად არაადეკვატურია, დილით რომ გაიღვიძებს, მგონი, თვითონ არ იცის, დღის განმავლობაში რას გააკეთებს. ამიტომ, მისი არაადეკვატურობიდან გამომდინარე, არ ვიცით, რას გააკეთებს, მაგრამ მთავარი პრევენცია ქართულმა საზოგადოებამ და მართლმსაჯულებამ გამოიტანა – რეალურად, ის აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ახლა მასზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს და რას – არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2023 წლის 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.