გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილს უცნაურობები ახასიათებს, ჯერ არ იცის, რა სახით მივა კანონი მასთან და თავიდანვე პოზიციის დაფიქსირება ნიშნავს, რომ არასწორ კამპანიას შეუერთდა
გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილს უცნაურობები ახასიათებს, ჯერ არ იცის, რა სახით მივა კანონი მასთან და თავიდანვე პოზიციის დაფიქსირება ნიშნავს, რომ არასწორ კამპანიას შეუერთდა

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მათ მიერ მომზადებულ კანონთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები ჰქონდათ.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მმართველი გუნდისგან პრინციპების დონეზე მხარდაჭერა ექნებათ.

„ბოლოს „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები გუშინ გვქონდა უმრავლესობის ფორმატში. ჩვენ საკმარისი არგუმენტები გვქონდა, რომ, სულ მცირე, პრინციპების დონეზე ყოფილიყო მხარდაჭერა. „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერა პრინციპების დონეზე გვექნება. პარლამენტში განხილვების შემდეგ კანონი იქნება ისეთი, რაც მოახდენს ფინანსურ გამჭვირვალობას აიპებშიც და მედიასაშუალებებშიც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, სადაც  ნათქვამია, რომ „ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს“.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ჯერ არ იცის, რა სახით მივა კანონი მასთან და წინასწარ აფიქსირებს პოზიციის, რითიც კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორ კამპანიას შეუერთდა.

„პრეზიდენტის პოზიციას რაც შეეხება, სამწუხაროდ, უცნაურობები ახასიათებს ხოლმე ქალბატონ სალომეს. ჯერ კანონი არ მისულა პრეზიდენტთან, არ იცის, რა სახით მივა და თავიდანვე ამ პოზიციის დაფიქსირება ნიშნავს, რომ შეუერთდა არასწორ კამპანიას, რასაც კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდება ჰქვია “, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.