გურამ მაჭარაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებაზე ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან პასუხად მივიღეთ რადიკალური ქმედებები - მანდატის დატოვება, ქუჩაში რადიკალიზმი
საკონსტიტუციო ცვლილებებს სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ კენჭისყრის პროცედურა, ამას აქვს რიგი პროცედურები საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მუშაობაზე უარს ამბობს რადიკალური ოპოზიციის უმრავლესობა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებაზე პასუხად მიიღეს რადიკალური ქმედებები, პარლამენტის არალეგიტიმურობაზე განცხადებები, მანდატის დატოვება და ქუჩაში რადიკალიზმი.
„რომელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობენ, როცა უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის ნების განხორციელებაზე პარლამენტში? სამწუხაროდ, ზოგი პარლამენტიდან წავიდა, ვინც დარჩა, მათი ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, არ დადის და ქუჩის პროცესებზე არის გადასული. როცა ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე არიან, მათი განცხადება გაუგებარია. საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებაზე პასუხად მივიღეთ რადიკალური ქმედებები, პარლამენტის არალეგიტიმურობაზე განცხადებები, მანდატის დატოვება, ქუჩაში რადიკალიზმი და ა.შ. თუ მუშაობა პარლამენტში სურთ, ამაზე შეთანხმდნენ და ამის შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს. ოპოზიციამ უარი თქვა აბსოლუტურად ყველა ნორმალურ, ცივილიზებული ფორმატზე და აირჩიეს ქუჩის აქციები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.