გურამ მაჭარაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოებაზე როდესაც არის საუბარი, საქართველოში ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა იცოდნენ, სად იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები
ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ შორის, უცხოურმა ძალებმა უარი თქვეს იმაზე, რომ მათ მიერ შემოსული თანხები გამჭვირვალე ყოფილიყო და ეთქვათ, თანხები სად მიდიოდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე როდესაც არის საუბარი, საქართველოში ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა იცოდნენ, სად იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები.
„ამაზე უარი უკვე იმას ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, მსოფლიოში ისეთი ძალები არსებობენ, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოსთან მიმართებაში კეთილმოსურნეები არ არიან. ბუნებრივია, გრანტებიც არის ის საშუალება, როდესაც უცხოეთიდან წამოსული თანხები გრანტების სახით მიდის არა იმ მიზნობრიობით, რაც რეალურად წერია, არამედ „მოლოტოვის კოქტეილის“ შეძენაში, ძალადობრივი აქციების დაფინანსებაში და ა.შ., რაც არც უარყვეს, მათ შორის, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა. ამიტომ სავსებით რეალურია, როდესაც ისეთი ცვლილებების დაინიცირება ხდება, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი ან ორგანო, როგორც კანონმდებლობით განისაზღვრება, ნახავს და დაარეგულირებს, საქართველოში გრანტები რეალურად რისთვის შემიდის. ეს თუ არის კეთილი საქმეები, ნებისმიერი მთავრობა ამაზე დათანხმდება. ამის არგუმენტად თუნდაც ის შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია და ამ ქვეყნის პრეზიდენტი, გამოდიან სხვადასხვა ქვეყანაში უცხოური ძალების გადარიცხული თანხებით შიდა პოლიტიკაში ჩარევის წინააღმდეგ. USAID-ი, ერთ-ერთი მძლავრი სახელმწიფო სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სწორედ იმ არგუმენტით გააუქმა, რა არგუმენტის საფუძველზეც გრანტების შესახებ კანონში ცვლილების ინიცირება ხდება, რათა ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.