გურამ მაჭარაშვილი - საგანგებო რეჟიმის მოხსნის შემდეგ პარლამენტში მოვა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელიც რეგლამენტით ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს საკანონმდებლო ორგანოს
გურამ მაჭარაშვილი - საგანგებო რეჟიმის მოხსნის შემდეგ პარლამენტში მოვა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელიც რეგლამენტით ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს საკანონმდებლო ორგანოს

როგორც კი, საგანგებო რეჟიმი მოიხსნება, აღდგება ჩვეულებრივი რეჟიმი და პარლამენტში აუცილებლად მოვა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელიც რეგლამენტით ვალდებულია, რომ მოვიდეს და ანგარიში ჩააბაროს საკანონმდებლო ორგანოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძის მოხსენებით წარდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი განმარტებით, რეგლამენტით გათვალისწინებული ის წესები, რომელიც ეხება სხვადასხვა უწყების ანგარიშის ჩაბარებას, ბუნებრივია ექვემდებარა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს.

„როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტის მიხედვით, საკმაოდ ხშირად იყვნენ ჩვენთან მინისტრის საათის ფორმატს და სხვადასხვა ფორმატში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მათ შორის მინისტრები, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, როგორც პარლამენტი, ასევე ყველა უწყება, გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმში. აქედან გამომდინარე, რეგლამენტით გათვალისწინებული ის წესები, რომელიც ეხება სხვადასხვა უწყების ანგარიშის ჩაბარებას, ბუნებრივია ასევე დაექვემდებარა იმ რეჟიმს, რასაც ჰქვია საგანგებო რეჟიმი. ჩვენ ყველა უწყება ვმუშაობთ უკვე საგანგებო რეჟიმის პირობებში და როგორც კი, ეს მოიხსნება, ბუნებრივია, აღდგება ის ჩვეულებრივი რეჟიმი, რიტმი და პარლამენტში აუცილებლად მოვა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელიც რეგლამენტით ვალდებულია, რომ მოვიდეს და ანგარიში ჩააბაროს პარლამენტს“, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში, ირაკლი შოთაძეს საკანონმდებლო ორგანოსთვის პირველი წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს. უწყებისთვის ანგარიშის წარდგენის ვალდებულება განსაზღვრულია პარლამენტის რეგლამენტით. რეგლამენტის მიხედვით კი, გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში 15 მაისამდე უნდა წარედგინა.