გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილს თუ გამბედაობა ეყოფა და ქვეყნის საზღვრებს მოადგება, მართლმსაჯულების გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დახვდება
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილს თუ გამბედაობა ეყოფა და ქვეყნის საზღვრებს მოადგება, მართლმსაჯულების გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დახვდება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ვინმე თუ სერიოზულად აღიქვამს, არ ვიცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს სერიოზულად საკუთარ გუნდშიც არ აღიქვამენ.

„მგონი, სააკაშვილს სერიოზულად თავის გუნდშიც აღარ აღიქვამენ. თუ სააკაშვილს გამბედაობა ეყოფა და ქვეყნის საზღვრებს მოადგება, მართლმსაჯულების გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დახვდება. ასევე, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მხილებულია დანაშაულებში და გარდა ამისა, უამრავი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს გააუბედურა. საზოგადოება განაჩენს თავად გამოუტანს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და შემდეგ გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.