გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა, განცხადებებშიც ემჩნევათ, რა ჭკუის პატრონები არიან მისი ადვოკატები
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა, განცხადებებშიც ემჩნევათ, რა ჭკუის პატრონები არიან მისი ადვოკატები

დამოუკიდებელ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა.

აღნიშნული კომენტარით მაჭარაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისტემური, კონკრეტული დანაშაული და მან უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება.

„ამაშიც ემჩნევათ, რა ჭკუის პატრონები არიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები. მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა. ახლა ამბობენ, ქართული პოლიტიკა რომ არ უნდოდა, იქნებ, ციხიდან გამოუშვათო. ასეთ განცხადებებს ეტყობა, სააკაშვილს რა ადვოკატები ჰყავს დაქირავებული. მას ჩადენილი აქვს სისტემური, კონკრეტული დანაშაული და უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება. სამართლებრივად როგორც არის გათვალისწინებული, ზუსტად ისე მიჰყვებიან იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო სფერო პროცესს. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ პატიმარს დასკვნა არ ჰქონდეს იმის თაობაზე, რომ მისი განკურნება ქვეყანაში შეუძლებელია და ის საზღვარგარეთ გადაყვანას მაინც ითხოვდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.