გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენცია დაუწუნა, კონსილიუმის განცხადებას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან
გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენცია დაუწუნა, კონსილიუმის განცხადებას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან

ნაცვლად იმისა, რომ სახალხო დამცველს სააკაშვილისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისთვის მოეწოდებინა, თქვა, რომ ის ამას ჯერ ვერ გააკეთებს, რადგან მან და მისმა კონსილიუმმა მე-18 დაწესებულებაში არსებული პირობები უნდა შეისწავლონ. როგორც ჩანს, სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენცია დაუწუნა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

კონსილიუმის განცხადებას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან, რის შედეგად შესაბამისი სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ამ კონსილიუმზე დავინახეთ, რომ ექიმებმა თავის თავზე ვერ აიღეს პასუხისმგებლობა და პირდაპირ ვერ თქვეს, რომ ახლა სააკაშვილს კონკრეტული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება და ეს არ არის მე-18 დაწესებულებაში. თქვეს, რომ ეს ასე არ არის, თუმცა მათი აზრია, რომ სჯობს, რომელიმე სამოქალაქო კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა სააკაშვილმა.

კონსილიუმის განცხადებას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან, რის შედეგად შესაბამისი სამსახური გადაწყვეტილებას მიიღებს. ვარაუდი გამოითქვა, რომ შეიძლება, ინტენსიური თერაპია დასჭირდეს, მაგრამ ისიც არ თქვეს, რომ ინტენსიური თერაპიისთვის არ არის შესაბამისი აღჭურვილობა. მათ თქვეს, რომ თანამედროვე აღჭურვილობა არის, ექიმებს პროფესიონალიზმი არ დაუწუნეს, მაგრამ თქვეს, რომ შენობას გამოცდილება არ აქვს. ანუ, თუ ტექნიკა თანამედროვეა და ექიმები არიან პროფესიონალები, შენობის გამოცდილება არ მესმის, რისთვის შეიძლება იყოს საჭირო. მათი მოსაზრებაა, რომ გარკვეული მომსახურება დასჭირდეს, რაც შეიძლება, ვერ გასწიონ ექიმებმა. კონკრეტული სამედიცინო მომსახურება არ არის დასახელებული, რომელიც შეიძლება, რომ მე-18 დაწესებულებაში არ გაეწიოს სააკაშვილს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.