გურამ მაჭარაშვილი - რეგიონში საქართველოს როლი გაიზარდა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ხერხდება, საქართველოს სადაც შეუძლია მშვიდობისთვის როლის შესრულება, ეს გასაკეთებელია
გურამ მაჭარაშვილი - რეგიონში საქართველოს როლი გაიზარდა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ხერხდება, საქართველოს სადაც შეუძლია მშვიდობისთვის როლის შესრულება, ეს გასაკეთებელია

ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში საქართველოს როლი განსაკუთრებით გაიზარდა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ხერხდება. ამის დამადასტურებელი იყო გუშინდელი ვიზიტიც. ალიევმა თქვა, რომ მზად არის, საქართველო იყოს შუამავალი ბევრ საკითხზე, მათ შორის სამშვიდობო საკითხებზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოში აუცილებელია სამშვიდობო პოლიტიკის შენარჩუნება, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„იქ, სადაც საქართველოს შეუძლია, გარკვეული როლი შეასრულოს მშვიდობის შესანარჩუნებლად, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ეს ვიზიტი იყო ერთ-ერთი დამადასტურებელი, რომ რეგიონში თავად ქვეყნები უნდა წყვეტდნენ იმ პოლიტიკას, რაც ამა თუ იმ რეგიონს სჭირდება. ორი ქვეყნის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა მანიშნებელია, რომ რეგიონში თავად ის სახელმწიფოები გადაწყვეტენ იმ პოლიტიკას, რაც მათთვის აუცილებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“. ამასთან, ერთობლივი განცხადებების დროს ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც წარიმართება სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით“. ალიევმა ასევე განაცხადა: „მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.