გურამ მაჭარაშვილი - ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი და ყველამ პასუხი უნდა აგოს
გურამ მაჭარაშვილი - ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი და ყველამ პასუხი უნდა აგოს

დარწმუნებული ვარ, ექვსი თვის თავზე ჩვენ მივიღებთ დასკვნას, რომელი დასკვნაც შეიძლება, თავისუფლად ვთქვათ, რომ იქნება ნიურნბერგის პროცესის დასკვნის ანარეკლი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კარგად ვიცით, გერმანიაში რომ არ მოხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, გერმანიაში ჯერ კიდევ იქნებოდა ის „ნაციონალ-სოციალისტური პარტია“, რადგან სამართლებრივად არავინ აკრძალავდა ამას. ამიტომ არის, რომ დღესდღეობით არსებობს ქართულ პოლიტიკაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ბევრს ვლაპარაკობთ და ბევრმა მათგანმა, სხვათა შორის, ლიდერებმა, სასჯელიც კი მოიხადა, გასაგებია ეს ყველფერი, მაგრამ ვიდრე შესაბამისი უწყება არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და ის არ უნდა არსებობდეს, მანამდე ყოველთვის ექნებათ უფლება, თავს მოგვახვიონ თავიანთი ნარატივი საზოგადოებას და ასე სულ მუდმივად აჯანჯღარონ სახელმწიფო. ამის მიზანი არის ზუსტად საგამოძიებო კომისიაში, რომ ამას ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად დაესვას წერტილი, რა თქმა უნდა, გამყარებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში აღარ იყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, კომისია 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიებას არ აწარმოებს სამხედრო მეთაურებისა და ჯარისკაცების მიმართ.

„ცალსახად, როგორც ითქვა, ამას არ სჭირდება ბევრჯერ გამეორება, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არ ეხება სამხედროებს. იმიტომ, რომ ის ადამიანები იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის და ეს არის ცალსახა. დანარჩენი, ყველა ადამიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს ჩადიოდა და ამის შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს, ბუნებრივია, დადგება, მათ შორის, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დღეს გამოდიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და საუბრობენ, რომ მათ თურმე ეზიზღებათ რუსეთი და მათი ერთ-ერთი გენერალური ხაზი არის ანტირუსული პროპაგანდა, თუმცა ინტერნეტიდან სულ რამდენიმე წლის წინანდელი ვიდეოები რომ ამოვიღოთ, ვნახავთ, როგორ ასხამენ ხოტბას რუსულ ინვესტიციას საქართველოში, როგორ ხვდებიან ღვინით ხელში რუს ტურისტებს, კულტურაზე საუბარი აღარაა, ჩასვლა-ჩამოსვლაზე და ეს ხდებოდა 2008 წლის შემდგომ პერიოდში.

მისი თქმით, საზოგადოებისგან იყო ძალიან დიდი მოლოდინი, რომ არ შეიძლება, სამართლებრივ სახელმწიფოში ამდენი მოღალატე, ამდენი ჯაშუში არსებობდეს, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა უცხო ქვეყნის ინტერესებს აყენებდეს და პასუხს არ აგებდეს.

„თან, გამოდიოდეს და ამით ამაყობდეს. ტელევიზიიდან არაერთხელ მოგვისმენია ვაიპოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამერიკის სახელმწიფოს მოუწოდებდნენ, შემოდით აქ, თქვენი ინტერესები დაიცავით ამ რეგიონშიო. სხვა სახელმწიფოს, როგორი პარტნიორიც არ უნდა იყოს, როგორ უნდა მოუწოდო, რომ თავისი ინტერესები დაიცვას შენს ქვეყანაში? ამავდროულად, აქ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ საბოტაჟის ნიშნები, პირდაპირი მოწოდებები, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები და მოწოდებები გაფიცვისკენ ერთადერთი მიზნით, რომ მოხდეს ეკონომიკის ჩამოშლა და დესტაბილიზაცია, მაგრამ ვერ აღწევენ იმას, რაც არის მათი მიზანი. მე მინდა, გადავკეტო გზაო, და რატომ გინდა, გადაკეტო გზა? გზის გადაკეტვა არ არის ნებადართული, თუ ბუნებრივად ამას არ მოითხოვს ხალხის რაოდენობა. რომ შეიკრიბები 200-300 კაცი და გინდა, 10 000-კაციანი გზა გადაკეტო, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნებადართული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან, მაგალითად, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების და, მათ შორის, პროკურატურის მხრიდან ეს ყველაფერი დაიწყება და მოხდება მათი პოლიტიკური დევნა, დისკრედიტაცია და ა.შ., გურამ მაჭარაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „დისკრედიტაცია რას ნიშნავს, ვინმემ რამე არ გააკეთა და დააბრალეს?“

„ასეთი რამ რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, აქ, თქვენთან იქნებოდნენ ახლა მოვარდნილი და იტყოდნენ, ამას აბრალებენ და სად არის მტკიცებულებაო. ვიდეომასალები არსებობს, უამრავი ჩვენება და მხოლოდ ამის საფუძველზე ხდება ბრალის წარდგენა. შესაბამისად, თუ ვინმე აწყობს საბოტაჟს – და ეს ნიშნები არსებობს – ბუნებრივია, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი და პასუხი უნდა აგოს ყველამ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პრობლემა არ ჰქონდა აშშ-თან და არც არასდროს ექნება, მით უმეტეს, მის საზოგადოებასთან.

„ჩვენ პრობლემა გვქონდა აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რომელსაც ბაიდენი ხელმძღვანელობდა და აღმოჩნდა, რომ მარტო ჩვენ კი არ გვქონია პრობლემა ბაიდენთან და მის ადმინისტრაციასთან, არამედ თვითონ ამერიკის საზოგადოებას ჰქონია პრობლემა. იმიტომ, რომ ამერიკის საზოგადოების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა, ნახეთ, რა დღეში ჩააგდო ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში აღარ არის, 12 კაცის გამოკლებით, მათ უცხოეთიდან ფული აღარ აქვთ, დაფინანსებაც აღარ მიეცემათ, რადგან პარლამენტში აღარ არიან და მათივე მხარდამჭერების უმრავლესობა მხარს აღარ უჭერს.

„მათი ერთადერთი რესურსი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, არის ზურაბიშვილი და უილსონი, უცხოელი დიპლომატი, რომელიც ფულს იღებს ყველაფერში, ბილეთებს ყიდულობს ინაუგურაციაზე იაფად, ყიდის ძვირად, მერე ჩაჰყავს ქართველი ვაიპოლიტიკოსები, ზოგი – ხის ძირას, ზოგი – კედლის ძირას და, შესაბამისად, ამაში ფულს აკეთებს ეს უილსონი, აქაურ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კი იმედი აქვს, რომ უილსონი იქიდან უპატრონებს და ხელისუფლებაში მოიყვანს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.