გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტის განცხადება, რომ არაფერს დაწერს და ვეტოს ისე წარმოადგენს, ღალატთან ერთად, ადასტურებს მის უვიცობას, კონსტიტუციაც არ წაუკითხავს, რის უფლება აქვს
პრეზიდენტის განცხადება, რომ არაფერს დაწერს და ვეტოს ისე წარმოადგენს, ღალატთან ერთად, ადასტურებს მის უვიცობას, კონსტიტუციაც არ აქვს წაკითხული, რისი უფლება აქვს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მას შენიშვნები არ აქვს.
„სალომე ზურაბიშვილი როცა ამბობს, რომ ცარიელ ქაღალდს გამოაგზავნის პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ არც ხელს აწერს და არც შენიშვნები აქვს. სამწუხაროდ, ასეთი უცოდინარობა გამოავლინა პრეზიდენტმა და ეს არ გვიკვირს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.
სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ წარმოადგენს ვეტოს, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევა: „პრეზიდენტს ეუბნებიან, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ და წარმოგვიდგინეთ, შეიძლება, დავფიქრდეთო. იფიქრეთ თქვენ, მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ, არ დავიწყებ ამ თამაშებს“.
დღეს კი საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს“.