გურამ მაჭარაშვილი - პიროვნული დაინტერესება არავის მიმართ გვაქვს, ჩვენი ინტერესია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, ჩვენ მიერ წამოწყებული პოლიტიკა ამართლებს
გურამ მაჭარაშვილი - პიროვნული დაინტერესება არავის მიმართ გვაქვს, ჩვენი ინტერესია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, ჩვენ მიერ წამოწყებული პოლიტიკა ამართლებს

პიროვნული დაინტერესება არავის მიმართ გვაქვს, ჩვენი ინტერესია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან ამერიკას კელი დეგნანი წარმოადგენს, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები კითხვებს სწორედ მისი მისამართით სვამენ.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა შეაფასა ტელეკომპანია „იმედთან“ კელი დეგნანის ინტერვიუ და აღნიშნა, რომ ელჩმა მთავარ კითხვებს პასუხები არ გასცა.

„მას შემდეგ, რაც კითხვებს ვსვამთ, კარგია, რომ კელი დეგნანმა გადაწყვიტა, ობიექტურ ტელევიზიაში მოვიდეს და არ მივიდეს მხოლოდ იმ ტელევიზიაში, სადაც ოპოზიციის ქება-დიდება ისმის და გაემიჯნებოდა ომის რიტორიკას. ზეპირი სიტყვები, რომ ამერიკას ომი არ უნდა საქართველოში, საკმარისი არ არის, როცა ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხა, საქართველოს რა უნდა გაეკეთებინა მეტი, ვიდრე უკრაინას გაუკეთა. ვინაიდან ამერიკას კელი დეგნანი წარმოადგენს, კითხვებს სწორედ მისი მისამართით ვსვამთ. თუ ინტერვიუ ნახეთ, ჟურნალისტმა მთავარი კითხვები დასვა და მან მთავარ კითხვებს არათუ პასუხები არ გასცა, პირიქით, არ გაემიჯნა იმ ხალხს, ვინც სამხედროებს მოუწოდებს, საქართველოში ხელისუფლება ჩამოაგდოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განცხადებით, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ წამოწყებული პოლიტიკა ამართლებს.

„ჩვენ მიერ წამოწყებული პოლიტიკა ამართლებს. საქართველოს დიდ ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა და არა – ვასალური, რომ ელჩი რა კანონპროექტსაც მოიწონებს, მხოლოდ ის მივიღოთ. გვინდა, პარტნიორული ურთიერთობა. ამ პროცესში საზოგადოება ჩავრთეთ და ეს სწორი პოლიტიკაა. ხედავთ, რომ შიდა პოლიტიკაში ერევა. ჩვენი მიზანია, რომ თუ პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე ხდება, ეს საზოგადოებას ვუთხრათ. როცა საზოგადოება სწორად ინფორმირებულია, ეს სახელმწიფოსთვის კარგია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.