გურამ მაჭარაშვილი – პარტიამ კვლევა ხალხში უნდა ატაროს, არ უნდა იყოს დამოკიდებული რაიმე ინსტიტუტის კვლევებზე

14:19, 30.09.2026

IRI ის ინსტიტუცია არ არის, რომელსაც შეიძლება, ადამიანი ენდოს. IRI-ს და NDI-ს და მსგავსი ინსტიტუტების კვლევები კარგად გვახსოვს. გვახსოვს არჩევნების შედეგებიც, რომელიც აბსოლუტურად სხვა იყო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, იმ მოცემულობით, სადაც IRI-ის კვლევა არის ჩატარებული, ჩანს, რა დღეშია ოპოზიცია.

„ეს არის ე.წ. ოპოზიცია, ჩვეულებრივი ნაც-აგენტურა. ვფიქრობ, მოქმედმა პარტიამ კვლევა ხალხში უნდა ატაროს და არ უნდა იყოს დამოკიდებული რაიმე ინსტიტუტის კვლევებზე“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის ძალას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

მსგავსი