გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამუშაო პროცესში ჩართულობაზე, მათ პატრონებსაც აღარ აინტერესებთ უცხოეთში, რადგან ხელი აქვთ ჩაქნეული ამათ უნიათობაზე
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამუშაო პროცესში ჩართულობაზე, მათ პატრონებსაც აღარ აინტერესებთ უცხოეთში, რადგან ხელი აქვთ ჩაქნეული ამათ უნიათობაზე

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ევროკავშირის მიერ დასახული ახალი დათქმების შესრულების პროცესში თუ არ ჩაერთვება, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

მაჭარაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ასრულებს პირობებს და ეს იციან ევროკავშირში.

„ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, დადებითი დინამიკაა. მათ შორის, ევროკავშირში იციან, რომ ჩვენ ვასრულებთ იმ პირობებს, დათქმებს, რაც კარგია ევროკავშირისა და საქართველოსთვის. რამე შეუსრულებელი ან არასწორი თუ არის, არც ამას ვერიდებით და ამასაც კარგად იგებს ევროპა. ამის კარგი მაგალითია, როცა 8 ნოემბერს ეს ყველაფერი გაითვალისწინა ევროკომისიამ და პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო. ამ დათქმებთან დაკავშირებითაც პოზიტიური მოლოდინი გვაქვს.

რაც შეეხება ოპოზიციას, სერიოზული კომენტარის გაკეთება ჭირს მათ ჩართულობა-არჩართულობაზე. თუ არ ჩაერთვებიან, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ოპოზიცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უკვე მათ პატრონებსაც აღარ აინტერესებთ უცხოეთში, რადგან ხელი აქვთ ჩაქნეული ამათ უნიათობაზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.