გურამ მაჭარაშვილი – ნებისმიერი ჩანაწერის გამოქვეყნება არის მიუღებელი და საზოგადოებას აღარ აქვს მაღალი ინტერესი ასეთი სახის ჩანაწერებზე
ჩვენი ხელისუფლების პირობებში შექმნილია ისეთი საკანონმდებლო სივრცე და პრაქტიკული შესაძლებლობები, სადაც ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის თანამდებობის პირს, თავისუფლად შეუძლია, პირადი გადაწყვეტილებები მიიღოს, როგორც სამსახურის დაწყებასთან, ასევე დატოვებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„შს მინისტრის მოადგილემ გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო, რაც თავად ახსნა. ფარულ ჩანაწერებზე მკვეთრად უარყოფითი პოზიციები გვაქვს, თუ ჩანაწერები არსებობს, ავთენტურია და სანქცირებული არ არის, ეს არის მიუღებელი, მაგრამ ნებისმიერ ჩანაწერზე თუ კითხვებია, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. ამის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების პროცესი. ნებისმიერი ჩანაწერის გამოქვეყნება არის მიუღებელი და საზოგადოებას აღარ აქვს მაღალი ინტერესი ასეთი სახის ჩანაწერებზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძისა და კიდევ რამდენიმე პირის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე, რის შესახებაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
კახა საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა.