გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა
გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა

მაშინ, როცა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ჩაურევლობაზე ვსაუბრობთ, ყოვლად დაუშვებელია, რაც ვიხილეთ და ამის თაობაზე განცხადებაც გაკეთდა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილმა  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განცხადების შეფასებისას, რომელშიც ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

მისი თქმით, მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა, რაც დეპუტატის თქმით, დაუშვებელია.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს ანგარიში, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა. ასევე, ევროპარლამენტარის გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს, საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

უმრავლესობის წევრი აქვე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ინფორმაციას მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მოსამართლე ჩხიკვაძეს სრულიად ლეგალურად მიმართეს.

„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, შესაბამისად, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც ჰქვია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. რაც შეეხება რომან გოცირიძის განცხადებას, მან რომ მიმართოს ევროპის სახელმწიფოს მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე, რომ გადაწყვეტილება ასეთი მიიღოს და არა ისეთი, მას მიაჩნია, რომ დემოკრატიული ფორმაა? – კი, ბატონო. ის იმ ძალას წარმოადგენს, რომელიც ქვეყანას ისე მართავდა, სადაც პოლიტიკოსი გამოვიდოდა და იტყოდა, მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ისინი ასეთ მმართველობას მიჩვეული არიან. მათი მსგავსი პოლიტიკოსებისგან ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ. როცა მოსამართლეს ეუბნები, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც ეტყვიან, არ მესმის, ამაზე მეტი რა შეიძლება მოახდინო, რომ ჩარევა იყოს მართლმსაჯულებაში. ეს არის ის, რაზეც განსხვავებაა ჩვენსა და ომის პარტიას შორის – როცა უნდათ, მართლმსაჯულებაში ჩარევა მისაღებია, როცა უნდათ – არა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.