გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლეთა შერჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის მიღებას საფრთხე არ შეექმნება
გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლეთა შერჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის მიღებას საფრთხე არ შეექმნება

არ მესმის, გვარები ჩავწეროთ იქ, რომ დავუშვათ, ჩინჩალაძის და მასთან პირდაპირ, ან არაპირდაპირ დაახლოებული პირები არ წარმოადგინოს იუსტიციის საბჭომ?!, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„თუ ეს რედაქცია უნდათ, კი ბატონო, მაგრამ ამაზე რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია, ან ექსპერტი დაგვთანხმდება, მე არ ვიცი. საბოლოოდ, ნებისმიერი კანონპროექტის არსებობის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი უნდა დაამტკიცოს პარლამენტის შესაბამისმა უმრავლესობამ, ანუ მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა. აქედან გამომდინარე, ზოგადად, რომელიმე გვარზე საუბარი, მით უმეტეს, კანონპროექტის შექმნის დროს, რომ ის პარლამენტში განსახილველთა სიაში არ მოხვდეს, წარმოუდგენელი და არასწორია. მე არ ვიცი, საერთოდ რაზეა საუბარი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ისეთი კანონპროექტი, რომელიც შეიძლება იძლეოდეს გარანტიას, რომ რომელიმე გვარი ან წარმოდგეს პარლამენტში, ან პირიქით, კონსტიტუციურ ორგანოში რომელიმე გვარის წარმოდგენა აიკრძალოს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დეკემბერში, როცა იუსტიციის საბჭომ ათკაციანი სია წარმოადგინა, პირდაპირი სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით ეს არ იყო ანტიკონსტიტუციური, რადგან არანაირი კანონი და ნორმატიული ბაზა არ არსებობდა, რომლის მიხედვითაც პროცედურები, რაც დღეს არის შესაძლებელი, უნდა მიეღოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ინტერესი და პროცესი შეაჩერა.

„ვთქვით, რომ აუცილებლად გავწერდით ამ პროცესებს, კრიტერიუმებს და არამც თუ მხოლოდ გავწერეთ, მინდა გითხრათ, ასეთი ტიპის მაღალი ხარისხის პროცედურები არც ერთი სახელმწიფოს შემთხვევაში არ მოიპოვება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიას პროცედურებთან, ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონია და ძირითად შენიშვნებში რაც ჰქონდა, ეს ეხებოდა გამოცდებს, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას და ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ერთი ნაწილის გარდა, რაც კენჭისყრის ღიაობას ეხება.

მაჭარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტის მიღებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან ის პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელ გამოწვევებზეც არც ვენეციის კომისიას ჰქონია ძირეული შენიშვნები და არც რომელიმე უცხოელ პარტნიორს.