გურამ მაჭარაშვილი - მესამე მოსმენით ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მმართველი გუნდი დღესაც მობილიზებულია
გურამ მაჭარაშვილი - მესამე მოსმენით ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მმართველი გუნდი დღესაც მობილიზებულია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარს დაუჭერს.

„მმართველი გუნდი, როგორც ყოველთვის, დღესაც ბუნებრივია მობილიზებულია ხმათა აბსოლუტური რაოდენობით, როგორც ეს იყო პირველ და მეორე მოსმენაზე. ასევე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მხარას უჭერენ ის დეპუტატები, რომლებიც ქმნიან უკვე ჯამში 116 ხმას. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მესამე მოსმენით და საბოლოოდ საარჩევნო სისტემა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დამტკიცდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე განმარტებით, ცვლილებების დამტკიცება კი ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან 8 მარტის შეთანხმება შესრულებული იქნება.

„რაც შეეხება ოპოზიციას, იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც ხან უჭერს მხარს და ხან არ უჭერს, ამ შემთხვევაში ჩვენ სუბიექტურად, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, უფრო მომგებიან პოზიციაში ვიქნებით, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ, მაგრამ გავა საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა სახელმწიფოებრივად და ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ ყველა პოლიტიკური სპექტრის მიერ იქნეს მხარდაჭერილი, რასაც მათ ჩვენი საერთაშორისო პრტნიორებიც მოუწოდებენ. იმედი გვაქვს, ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი რურუას საკითხს, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს თემა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეოაბზე უარის თქმის მიზეზი არ უნდა იყოს.

„საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მგონი არა მხოლოდ საქართველოში, უკვე უცხოეთშიც შეთანხმდა იმაზე, რომ შესაძლებელია, ვინმეს ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი იყოს რიმელიმე კონკრეტული პირის სამომავლო მართლმსაჯულების ბედი. მაგრამ ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდება ტოლობის ნიშანი იმ საარჩევნო სისტემასთან, რომელმაც პრაქტიკულად ქვეყნის ბედი უნდა განსაზღვროს. ამიტომ ჩვენ არანაირად არ მიგვაჩნია ეს მიზეზი იმად, რომ საკინსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში არ მიიღონ მონაწილეობა“,- დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს მესამე, საბოლოო მოსმენით უყრიან კენჭს.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.