გურამ მაჭარაშვილი - მერამდენედ შეიძლება, საერთაშორისო პარტნიორებმა ახსნან, რატომ ჩაიწერა ამნისტიის საკითხი შეთანხმებაში და რატომ არის მისი მიღება საჭირო
გურამ მაჭარაშვილი - მერამდენედ შეიძლება, საერთაშორისო პარტნიორებმა ახსნან, რატომ ჩაიწერა ამნისტიის საკითხი შეთანხმებაში და რატომ არის მისი მიღება საჭირო

მერამდენედ შეიძლება, საერთაშორისო პარტნიორებმა ახსნან, რატომ ჩაიწერა ამნისტიის საკითხი ამ შეთანხმებაში და რატომ არის ამ კანონპროექტის მიღება საჭირო, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის შეჯერებას მოახერხებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ერთ კანონპროექტზე მოხდეს შეჯერება მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისგან ჯერ კიდევ არის გარკვეული სპეკულაციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მერამდენედ შეიძლება საერთაშორისო პარტნიორებმა ახსნან, რატომ ჩაიწერა ეს საკითხი ამ შეთანხმებაში და რატომ არის ამნისტიის კანონპროექტის მიღება საჭირო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჩვენი ვალდებულებაა, განსაკუთრებით ოპოზიციის, რომ  შევჯერდეთ და მეორე მოსმენისთვის მაინც შევძლოთ, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს ოპოზიციამ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა კანონპროექტიდან იმ წინაპირობის ამოღება, რომ ამნისტიისთვის საჭიროა ამავე პირის თანხმობა, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე კონსულტაციები იქნება.

„ამასთან დაკავშირებით იქნება კონსულტაციები. იცით, რომ თავმჯდომარესთან იყო კონსულტაციები. ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს და ვნახოთ, რამდენად ეყოფა რესურსი ოპოზიციას. მე იმედი და სურვილი მაქვს, რომ ეყოთ ეს რესურსი და მხარდაჭერა გამოუცხადონ იმ კანონპროექტს, რომელიც უკვე მხარდაჭერილია 87 დეპუტატის მიერ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.