გურამ მაჭარაშვილი - მელიას ოპოზიცია მოუწოდებს, გირაო არ გადაიხადოს, ასევე ადვოკატები თავგამოდებით იბრძვიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი როგორმე ციხეში დარჩეს
ნიკა მელიას ოპოზიცია მოუწოდებს, გირაო არ გადაიხადოს და საპყრობილე არ დატოვოს – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„კითხვები ეკუთვნით ოპოზიციას, თავად ნიკა მელიასა და მის ადვოკატებს, რომლებიც ასე თავგამოდებით იბრძვიან, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფი როგორმე ციხეში დარჩეს და ამას არც მალავენ. ნიკა მელიას ოპოზიცია მოუწოდებს, გირაო არ გადაიხადოს და საპყრობილე არ დატოვოს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ პროცესი მათ სურთ გამოიყენონ პოლიტიკურად. ეს არის ცხადი და კითხვები უფრო მეტად მათ ეკუთვნით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები იმართებოდა იმუნიტეტთან მიმართებით, როდესაც პარლამენტს ამ კუთხით გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
„რაც შეეხება იმას, თუ რა მოლაპარაკებები იმართებოდა გუნდში, მინდა გითხრათ, რომ გუნდში კონსულტაციები იმართებოდა იქამდე, ვიდრე ნიკა მელიას იმუნიტეტის საკითხი იხილებოდა. ბუნებრივია, რომ ასეთ დროს გუნდში კონსულტაციები იმართება, რადგან ჩვენ უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება. ჩვენ ვმსჯელობდით გუნდში, იქნებოდა თუ არა მართებული იმუნიტეტის შეჩერება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება.