საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება.

მელიას უფლებადამცველის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება.

ადვოკატის განცხადებით, პროცესზე პირველ რიგში განიხილება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებული საკითხი, ამის შემდეგ კი მოსამართლე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაგრძელების საკითხს განიხილავს.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, პროკურორის პოზიციიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, თუმცა, ადვოკატის შეფასებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

გიორგი კონდახიშვილის ​თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება სამართლიანი, კანონიერი და გონივრული ნაბიჯი იქნება.

„პირველ რიგში, განიხილება ჩვენს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, რომელიც შეეხებოდა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას. აღნიშნული მტკიცებულებები ეხება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობას ნიკა მელიას ბრალდების საქმეში და მეორე – როგორ ანადგურებდნენ, მაღალი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მითითებით, 20 ივნისის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს და გარე სათვალთვალო ვიდეოჩანაწერებს. ასევე, მაღალი ალბათობის მოსამართლე განიხილავს ნიკა მელიასთვის პატიმრობის განგრძობადობის საკითხს, ვინაიდან ორ თვეში ერთხელ სასამართლოს ვალდებულება აქვს, თვითინიციატივით გადახედოს აღნიშნულ საკითხს. პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან ნიკა მელიას როგორც დაკავება, ასევე გათავისუფლება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პროკურორის პოზიციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არის მაღალი ალბათობა, რომ სასამართლომ შეიძლება, დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა, რომ ნიკა მელიას მიმართ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. რაც შეეხება რეალურ გადაწყვეტილებას, ეს მიიღება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და რა პოლიტიკურ დაკვეთასაც მისცემენ სასამართლოს, ის გაჟღერდება სასამართლო პროცესზეც. რა თქმა უნდა, ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება სამართლიანი, კანონიერი და გონივრული ნაბიჯი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან არ გვაქვს მოლოდინი, რომ გონივრული ნაბიჯი იქნება გადადგმული“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.