გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტის წევრობას როცა გადაწყვეტ და ხალხი ნდობას გიცხადებს, მანდატი აუცილებლად უნდა გამოიყენო
გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტის წევრობას როცა გადაწყვეტ და ხალხი ნდობას გიცხადებს, მანდატი აუცილებლად უნდა გამოიყენო

სამწუხაროდ, მმართველ გუნდს იმ ტვირთის აღება გვიწევდა, რაც წესით, პარლამენტში ოპოზიციას უნდა აეღო, რადგან ორი წლის განმავლობაში, ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ დადიოდნენ და მათ უნდა ჰკითხოთ, საკუთარ უფლებამოსილებას რატომ არ ასრულებდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებას.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას ისეთი ოპოზიცია ჰყავს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობაზე პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ შემდეგ მანდატს აღარ იყენებს.

„ჩვენს თავს აღარ ვეკუთვნით მას შემდეგ, რაც ხალხი აგვირჩევს, რადგან როცა გადაწყვეტ, რომ პარლამენტის წევრი იყო და ხალხი ნდობას მოგცემს, ეს მანდატი საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა გამოიყენო, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ევროკავშირის ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც მსგავსი ფაქტი შეიძლება მომხდარიყო, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და პარლამენტში შესვლაზე უარი ეთქვათ. როგორ მოიქცევიან და როგორ შეასრულებენ იმ დაკვეთას, რომელიც მათ საკუთარმა ამომრჩეველმა დააკისრათ, ეს მათი გადასაწყვეტია.

ბოლო წლების განმავლობაში საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებდნენ, ხელფასს იღებდნენ და პრაქტიკულად, საკუთარ უფლებამოსილებას არ ასრულებდნენ. სამწუხაროა, მაგრამ არ გაგვიკვირდება, დღესაც არ შეასრულონ საკუთარი უფლებამოსილება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკანონმდებლო საქმიანობა ეფექტური იქნება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კანონმდებლის მოსაზრებით, მოგონილი და მითიური ცნებაა ერთპარტიული პარლამენტი. მისივე თქმით, ეს იმავე ნარატივის გაგრძელებაა, რაც ოპოზიციამ წამოიწყო პარლამენტში არ შესვლაზე, რადგან პარლამენტში შემოსულია ცხრა პოლიტიკური სუბიექტი.

„ვინ მოვა პარლამენტში, ვინ შეასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას და ვინ არ დაწერს განცხადებას, ამას ყველა ვნახავთ. სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ ტვირთის აღება გვიწევდა, რაც წესით, პარლამენტში ოპოზიციას უნდა აეღო. ისინი არ დადიოდნენ პარლამენტში და უნდა ჰკითხოთ, საკუთარ უფლებამოსილებას რატომ არ ასრულებდნენ. პარლამენტის მუშაობის შეფერხება არც ერთი თვალსაზრისით არ მოხდება. პარლამენტმა ბევრ წარმატებას მათი მონაწილეობის გარეშე მიაღწია. პროცესებში მათი არ მონაწილეობა ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა”, – აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება პროცედურას, რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თავის მხრივ, კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს რვა და არაუგვიანეს 15 დღისა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

ამასთან, პროცედურით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში და განაგრძოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.