გურამ მაჭარაშვილი - ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიღაც პირის ან პოლიტიკური ძალის, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას განუმარტოს, არის თუ არა ყველა პატიმარი თანაბარი კანონის წინაშე
გურამ მაჭარაშვილი - ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიღაც პირის ან პოლიტიკური ძალის, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას განუმარტოს, არის თუ არა ყველა პატიმარი თანაბარი კანონის წინაშე

ჩვენ ნინო ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიღაც კონკრეტული პირის ან პოლიტიკური ძალის, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას განუმარტოს, არის თუ არა ყველა პატიმარი თანაბარი კანონის წინაშე და ყველა პატიმრის მიმართ იქნება თუ არა სახალხო დამცველის ასეთი მაღალი ინტერესი.

„სახალხო დამცველი პატიმრის უფლებებით რომ ინტერესდება, ეს კარგია, მაგრამ მინდა, სახალხო დამცველმა საზოგადოებას აუხსნას, ხომ არ არსებობს რაიმე საერთაშორისო აქტი, ან საქართველოს კანონმდებლობაში რაიმე ცვლილებები ხომ არ შევიდა, რომ სახალხო დამცველს უფლება ჰქონდეს, რომელიღაც პატიმრის უფლებები განსაკუთრებულად მოიკითხოს. მეტიც – თქვენი კითხვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ითხოვდეს კერძო კლინიკაში მის გადაყვანას. სახალხო დამცველმა ეს უნდა აუხსნას საზოგადოების განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და თქვას, ყველას აქვს თუ არა ამის უფლება და ყველა პატიმრის მიმართ იქნება თუ არა სახალხო დამცველის ასეთი მაღალი ინტერესი, რომ მოითხოვოს კერძო კლინიკაში მათი გადაყვანა.

ჩვენ ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად არა რომელიღაც კონკრეტული პირის ან პოლიტიკური ძალის, არამედ საქართველოს სახალხო დამცველად, ამიტომ მნიშვნელოვანია, მან საზოგადოებას განუმარტოს, არის თუ არა ყველა პატიმარი თანაბარი კანონის წინაშე და ის, მისი აპარატი იცავს თუ არა ბოლომდე ყველა პატიმრის თანაბრობას კანონის წინაშე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგით ვერ იცხოვრებს ვერც საქართველო, ვერც ხელისუფლება და ვერც საქართველოს საზოგადოება.

„ეს დასრულდება 30 ოქტომბრის შემდეგ“, – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.

დატოვე კომენტარი