გურამ მაჭარაშვილი - „ლელოს“ ბოიკოტი მათი არასწორი პოლიტიკური მეცადინეობის ბრალია, დარჩებიან პარლამენტში და შემდეგ პოლიტიკურ შატალოზე ივლიან
სამწუხაროა, რომ შეუთანხმებლობა არა მხოლოდ ოპოზიციაში არის, არამედ თითოეულ პარტიაშია შეუთავსებლობა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მაჭარაშვილის თქმით, მანდატები, როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში ნებისმიერმა დეპუტატმა უნდა გამოიყენოს.
„მაგალითად, მამუკა ხაზარაძე პარლამენტიდან გარბის და თქვა, რომ არ უნდა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან არალეგიტიმურია და ვერ მუშაობს, მისი გუნდის წევრები ამბობენ, პარლამენტში ბეჯითად ვიმუშავებთო. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ მისი გუნდი პარლამენტში არ უნდა იყოს, რადგან ლეგიტიმური არ არის, ეს ხდება მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკრებულოებში ბეჯითად იმუშავებენ.
ანუ, თავად პარტიებში ვერ თანხმდებიან მანდატებზე. რა თქმა უნდა, მანდატები, როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში ნებისმიერმა დეპუტატმა უნდა გამოიყენოს, რადგან საზოგადოებამ მისცათ ეს მანდატები. მათი მხრიდან ამაზე უარი არის ამომრჩევლის შეურაცხყოფა და მათი პოლიტიკური სისუსტე. თუ საკუთარი თავი პოლიტიკურ ორგანოში ვერ იპოვეს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდნენ. „ლელოს“ მიერ გამოცხადებული პოლიტიკური ბოიკოტი მათი არასწორი პოლიტიკური მეცადინეობის ბრალია, რომ დარჩებიან პარლამენტში და შემდეგ პოლიტიკურ შატალოზე ივლიან, რადგან პარლამენტში მუშაობა არ უნდათ. ოპოზიციის როლია პარლამენტში ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიოს, მათი მხრიდან ამას ვერ ვხედავთ. ოპოზიცია ამბობს, რომ მუშაობა ეზარება“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.