გურამ მაჭარაშვილი - „ლელო“ პარლამენტიდან თუ გავა, ქუჩაში ის ამომრჩეველი დახვდება, რომელმაც აიძულა, რომ პარლამენტში შესულიყო
გურამ მაჭარაშვილი - „ლელო“ პარლამენტიდან თუ გავა, ქუჩაში ის ამომრჩეველი დახვდება, რომელმაც აიძულა, რომ პარლამენტში შესულიყო

მგონი, „ლელომ“ მართლა დაიჯერა, რომ პარლამენტში შესვლა ნიშნავდა „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. ისე იმუქრება პარლამენტიდან გასვლაზე, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „საპარლამენტო ოპოზიციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ორგანოში ოპოზიციას უნდა ემუშავა“.

„ჩვენს პარტნიორებს მოუწიათ რესურსის დახარჯვა იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის აეხსნათ, რას ნიშნავდა პარლამენტი. გამომდინარე აქედან, ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მიმართ გასაკეთებელი განცხადება ნამდვილად არ არის. პარლამენტი არის ქართული საზოგადოების მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ერთობა, გამომდინარე აქედან „ლელო“ პარლამენტიდან თუ გავა, ქუჩაში ის ამომრჩეველი დახვდება, რომელმაც აიძულა, რომ პარლამენტში შესულიყო. ეს მათი გადასაწყვეტია, საზოგადოება და პარტნიორები ამას თავად შეაფასებენ. არ მგონია, ეს სერიოზული განცხადება იყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება ხელმოწერილი შეთანხმების, შარლ მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევაა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.