გურამ მაჭარაშვილი - კომიკურია, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გარკვეული პოლიტიკური ნიშნებით შეიძლება, მოხდეს
გურამ მაჭარაშვილი - კომიკურია, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გარკვეული პოლიტიკური ნიშნებით შეიძლება, მოხდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კახა კუჭავასთვის, შალვა ნათელაშვილისთვის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის განცხადებით პარლამენტს პირადად მიმართა.

რაც შეეხებათ ოპოზიციონერ დეპუტატებს, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„ნათელაშვილი-ხოშტარიას შემთხვევაში, წელიწადზე მეტია, ეს ადამიანები პარლამენტში არ ესწრებიან სხდომებს და კონსტიტუციის რეგლამენტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტჯერ არასაპატიო მიზეზით აცდენს სხდომას, ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. როგორც ვიცით, ასევე, მათაც არ ჰქონდათ და არ აქვთ სურვილი პარლამენტში მუშაობის.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ამოქმედებულია და აქაც ვალდებულება გვაქვს, რომ კომიტეტზე შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კახა კუჭავას შემთხვევაში, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო როგორც პოსტის დატოვება, ასევე პარლამენტის დატოვება და მის განცხადებასაც მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეკითხვაზე: დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას, მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ წინასწარ ამას ვერ შეაფასებს.

„წინასწარ ამას ვერ გეტყვით, რადგან კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებაზეა და შემდეგ საბოლოოდ ამას გადაწყვეტს პარლამენტი. ერთი რამ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ოპოზიციონერი დეპუტატები დაახლოებით ერთი წლის წინ ამბობდნენ, რომ ისინი არ შემოვიდოდნენ პარლამენტში და არ იმუშავებდნენ. ასეც გააკეთეს და მთელი ცივილიზებული სამყარო, ჩვენი ჩათვლით, მოვუწოდებდით, რომ მათ ვალდებულება შეესრულებინათ. მეტიც – შეწყვეტასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებებიც კი დაწერეს, რომელიც ჩვენ თავის დროზე არ დავაკმაყოფილეთ, რადგან გავითვალისწინეთ გარკვეული პოლიტიკური პროცესები. ახლა, როდესაც აცხადებენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ნიშნებით შეიძლება მოხდეს უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის არასერიოზული, არათანმიმდევრული და კომიკურიც, ზუსტად ამის გამო, საზოგადოებას არ აქვს არანაირი ნდობა ასეთი ტიპის ოპოზიციის მიმართ. როდესაც ამბობენ ერთს, აზროვნებენ მეორეს და აკეთებენ მესამეს, ეს არის მოცემულობა. რა თქმა უნდა, კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას და გეცნობებათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.