გურამ მაჭარაშვილი - კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის გეგმები, არ სურს არჩევნები და ძალაუფლების რადიკალური გზით ხელში ჩაგდება უნდა
მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა ლუსტრაცია, რომ არანაირ პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებს არ ცნობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდა დესტრუქცია, არეულობა და მხოლოდ ამით არის დაკავებული წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.
„ეს არის მისი სახე. მას უნდა ძალაუფლება, არც არჩევნები აინტერესებს, არც დემოკრატია, უბრალოდ, უნდა ძალაუფლება. ეს არის მისი სტილი და არა მგონია, ამაში რამე ახალი იყოს. თუმცა, კარგია, რომ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურა თავისი გეგმები და არ უარყო, რომ არ სურს არჩევნები, არამედ სურს ძალაუფლების რადიკალური გზებით ხელში ჩაგდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.
„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.