გურამ მაჭარაშვილი – იმედს ვიტოვებთ, რომ გერმანიის მომავალი ელჩი დაიწყებს მეგობრული ურთიერთობით, დიპლომატიურ ფუნქციებს შეასრულებს და არ იქნება ოპოზიციის ნარატივზე
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თუკი ვინმეს უკეთებია ცუდი გერმანიისთვის, სამწუხაროდ, ეს არის გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
გურამ მაჭარაშვილს დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული.
„მას შემდეგ, რაც ევროპამ გერმანია და ფაშიზმი დაამარცხა, ძალიან ბევრ ქვეყანას ჰქონდა აგრესია გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რადგან მილიონობით ადამიანი შეიწირა და უამრავ ქვეყანაში უბედურება დატრიალდა. გერმანიამ ძლივს მოახერხა, ჩამოაყალიბა ურთიერთობები, მათ შორის საქართველოსთან – ძალიან კარგი ურთიერთობა, დახმარებები და ახლა გერმანიის ყოფილმა ელჩმა, ბატონმა პეტერმა, მოახერხა სულ რამდენიმე წელიწადში, რომ გერმანიის პრეზიდენტისთვის, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, წელიწად-ნახევრის დაგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. არავინ დაიჯერებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში წელიწად-ნახევრით ადრე გადაახვიეს ინფორმაცია და ნახეს, ვინ აირჩია საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად. იმედი გვაქვს, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული სჯობს, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეურაცხმყოფელი. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგაც გაიგებს ყველა, მათ შორის გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოს და ერს, ვინც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივის სცემს ქართველ ხალხს. ყველას ძალიან კარგად ახსოვს ყველა ქვეყნის, მათ შორის გერმანიის ისტორიაც, განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში. ამ შემთხვევაში საქართველოს უფრო მეტი ეთქმის, ვიდრე გერმანიას, განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ჩვენ ფასიც ვიცით, მადლობლებიც ვართ, როცა გვეხმარებიან, მაგრამ თუ ეს ხდება საქართველოს შეურაცხყოფის, სუვერენიტეტის დაგმობის და აბუჩად აგდების ხარჯზე, ყოველთვის ვიქნებით შეუვალი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, გერმანიის ახალი ელჩისთვის არ იქნება მარტივი ურთიერთობების სწორად აგება, რადგან მისმა წინამორბედმა ძალიან ბევრი გააფუჭა.
„იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი ელჩი დაიწყებს მეგობრული ურთიერთობით, დიპლომატიურ ფუნქციებს შეასრულებს და არ დაჯდება ოპოზიციის ნარატივზე. იმედია, გერმანიაში გადაწყდება, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც იზრუნებს ორი ერის მეგობრობის გაღრმავებაზე და არ გაჰყვება ძალადობრივ აქციაში მონაწილე რომელიღაც ძალებს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის სასამართლო პროცესზე. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად უკვე ჩვენი ელჩიც გერმანიაში დაიწყებს ახლა ურთიერთობებს, ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების აღდგენას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.
პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჰუმბერტ ქნირში შეცვალა. ფიშერმა საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა 2026 წლის ივნისში დაასრულა.