გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარიას მხრიდან დღეს იმ პრობლემებზე საუბარი, რომლის ავტორი თვითონ იყო, მინიმუმ უხერხულია
გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარიას მხრიდან დღეს იმ პრობლემებზე საუბარი, რომლის ავტორი თვითონ იყო, მინიმუმ უხერხულია

არაერთხელ გვითქვამს, რომ გიორგი გახარიასთვის ნამდვილად არ იქნებოდა მარტივი, რომ ის დაბრუნებულიყო პოლიტიკაში. როგორც ხედავთ, ასეც არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და ნაციონალური მოძრაობის გეგმებთან დაკავშირებით კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.

მაჭარაშვილის თქმით, გიორგი გახარიასთვის რთულია მოიპოვოს ოპოზიციონერის სტატუსი და ამასთან, ყოფილ პრემიერთან მიმართებაში ბევრი კითხვა გროვდება არა მხოლოდ ოპოზიციიდან და ხალხისგან, არამედ უკვე „ქართული ოცნებიდანაც“.

„ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ ჯერ ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც იყო „ქართულ ოცნებაში“ ლიდერი, რამე გადაწყვეტილება თუ იყო მიღებული, მისი მითითებებით ხდებოდა და დღეს საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის ავტორი თვითონ იყო, როგორც მინიმუმ უხერხულია. დღეს, როგორც ვამჩნევთ, არა მხოლოდ უხერხულობასთან გვაქვს საქმე, არამედ სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით მან პასუხები უნდა გასცეს.

რაც შეეხება ინფორმაციები საიდან გვაქვს და ა.შ. ბუნებრივია, მმართველ პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობები და გამომდინარე აქედან, ჩვენ როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ფაქტებიდან გამომდინარე გარკვეულ დასკვნებს ვაკეთებთ. ეს არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ჩვენ ფაქტებიდან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც პოლიტიკურ პროცესს, სამართლებრივი მხარე თუ მიენიჭება, ეს სხვა საკითხია. მგონი დასკვნები და შეფასებები საზოგადოებამ უნდა გააკეთოს, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, ვაწვდით ფაქტებს, სადაც ვმონაწილეობდით. როდესაც დატოვა პოსტი, თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო საკმაოდ გაუგებარი ჩვენთვის და თავად დაამტკიცა. მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და პრემიერი იჩენს სისუსტეს, თავად, რომ მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას ვერ ასრულებს, მიმაჩნია, რომ არის ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები და თავად უწყობდა შესუსტებას. აქედან გამომდინარე, მისი მესიჯები, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეა, როგორც მინიმუმ კითხვის ნიშნებს ბადებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.