გურამ მაჭარაშვილი - გერმანიის ელჩი მოშიმშილე რადიკალს მხარდაჭერას რომ უცხადებს, ეს არის პროცესში ჩართვა, რომელიც ყველაფერს არღვევს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული
გურამ მაჭარაშვილი - გერმანიის ელჩი მოშიმშილე რადიკალს მხარდაჭერას რომ უცხადებს, ეს არის პროცესში ჩართვა, რომელიც ყველაფერს არღვევს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული

სამწუხაროდ, ის, რომ გერმანიის ელჩი მოშიმშილე რადიკალს მხარდაჭერას უცხადებს, ეს არა მხოლოდ წახალისებაა, არამედ არის პროცესში ჩართვა, რომელიც ყველაფერს არღვევს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი „ნაცმოძრაობის“ რიგებში ოფიციალურად ჩაიწერა.

„გერმანიის ელჩი როცა ხარ, ხუთი თვეა, საგამოძიებო კომისიის სხდომას უყურებ და ადამიანების ერთმანეთზე მეტ უბედურებას უსმენ, კითხვა არ გიჩნდება იმ რეჟიმის მიმართ, მართალია, ეს ხალხი რასაც ამბობენო? ამის ნაცვლად, რადიკალურ დაჯგუფებას ახალისებს, სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს, სასამართლო სხდომებს ესწრება და მას, ვინც პოლიციელი სცემა, მხარს უჭერს. გერმანიაში კი ამ ქმედებისთვის შს მინისტრი სასჯელის გამკაცრებას ითხოვს.

სამწუხაროდ, ის რომ მოშიმშილე რადიკალს მხარდაჭერას უცხადებს, ეს არა მხოლოდ წახალისებაა, არამედ ეს არის პროცესში ჩართვა, რომელიც ყველაფერს არღვევს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული. ის აშკარად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში რადიკალური ძალების სასარგებლოდ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შიმშილობენ, 28 ივნისს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მივიდა.