გურამ მაჭარაშვილი - განსხვავებული აზრი კარგია, თუმცა მისი დაფიქსირება და გადაწყვეტილების მიღება გუნდის წესებით უნდა მოხდეს
გურამ მაჭარაშვილი - განსხვავებული აზრი კარგია, თუმცა მისი დაფიქსირება და გადაწყვეტილების მიღება გუნდის წესებით უნდა მოხდეს

საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდური თამაშის წესების შესრულებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, რომელმაც მმართველ გუნდში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ საკითხზე განსხვავებული აზრის დაფიქსირება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება გუნდური წესების დაცვით უნდა მოხდეს.

„როცა გაქვს განსხვავებული აზრი ეს კარგია, თუმცა მისი დაფიქსირება და გადაწყვეტილების მიღება, გუნდში არსებული წესების შესაბამისად უნდა მოხდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას, მაჭარაშვილის თქმით, ბესელიას პირადი გადაწყვეტილებაა, რა პოზიციას დააფიქსირებს.

„მე ვამბობ ზოგად წესებს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური კუთხით. როგორც გუნდის წევრი და დეპუტატი უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ გუნდის პოლიტიკური თამაშის წესებს ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ მეც მქონია განსხვავებული აზრები და ღმერთმა დამიფაროს, ასე არ იყოს, ის განიხილება გუნდის შიგნით. შემდეგ კი, უკვე შეჯერებული პოზიცია ცხადდება საჯაროდ“, – აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ყველა რესურსს იყენებს ერთიანობის შესანარჩუნებლად.

„პოლიტიკურ გუნდში ყველა რესურსს ვიყენებთ, რა თქმა უნდა,  ხელმძღვანელობის ინიციატივით და ჩვენი ჩართულობით, რომ გუნდი ბოლომდე შენარჩუნდეს, თუნდაც იმ სახით, რომ არც ერთი ადამიანი არ იყოს უკმაყოფილო და ეს რესურსი ბოლომდე იხარჯებოდა და დაიხარჯება დღესაც.  რაც შეეხება ეკა ბესელიას, იმედი მაქვს, მიეცემა თავისი პოზიციების დაფიქსირების საშუალება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.