გურამ მაჭარაშვილი - ევრობიუროკრატიაში მარტო კალასი ხომ არ წყვეტს საკითხებს? მაკრონი და მერცი ამბობენ, ევროპამ რუსეთთან ერთად უნდა ააგოს უსაფრთხოების არქიტექტურაო, კალასის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება
გურამ მაჭარაშვილი - ევრობიუროკრატიაში მარტო კალასი ხომ არ წყვეტს საკითხებს? მაკრონი და მერცი ამბობენ, ევროპამ რუსეთთან ერთად უნდა ააგოს უსაფრთხოების არქიტექტურაო, კალასის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება

საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ, უნდა მოხდეს დეოკუპაცია, თუმცა კაია კალასის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს კაია კალასის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკების დროს რუსეთის დათმობებს ეხება. დოკუმენტში საუბარია საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნაზეც.

„კალასი თუ გულწრფელია და უნდა, ეს განცხადება დავიჯეროთ, მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხოს, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ ევროპამ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა რუსეთთან ერთად უნდა ააშენოს. ეს კითხვა მარტივი და ლოგიკურია. როცა ვსაუბრობთ, რომ საოკუპაციო ჯარმა უნდა დატოვოს საქართველო, ამაში ჩვენ თუ კალასი გვეხმარება და გულწრფელია, მაშინ განმარტოს, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება რას ნიშნავდა? ევროპა რუსეთთან ერთად თუ ააგებს უსაფრთხოების არქიტექტურას, საოკუპაციო ჯარი ნატო-ს ჯარი გახდება თუ ახალი, ევროპულ-რუსული ჯარის სტატუსი მიენიჭება? ჯერ სიტყვა „ოკუპაციას“ არ ხმარობდნენ. სადაც ეს ჩაიწერება, ამას ჩვენ ვითხოვთ, არათუ ვეთანხმებით. ევრობიუროკრატიაში საკითხებს კაია კალასი ხომ არ წყვეტს მარტო? მხოლოდ ჩანაწერი არ შველის. როცა საუბარია პრაქტიკულ ნაბიჯებზე, და მაკრონი და მერცი ამბობენ, რომ ევროპამ რუსეთთან ერთად უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა ააგოს, ვკითხულობ, რამდენად რეალურია კაია კალასის განცხადება, თორემ დიდი ხანია, ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. ამ შემთხვევაში კაია კალასის გულწრფელობაში მეპარება ეჭვი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.