გურამ მაჭარაშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა, რასაც ვამბობდით, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი
გურამ მაჭარაშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა, რასაც ვამბობდით, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი

გუშინდელმა ეუთო/ოდირის დასკვნამ უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ამავდროულად, არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ცვლილებები უკვე დაინიცირებულია, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, მათ უნდა შეასრულონ ამომრჩეველთა მოთხოვნა და შევიდნენ პარლამენტში.

„დღეს უკვე ყველა, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა საზოგადოება, დარწუნდა იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი – რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ერთი მხრივ ამბობს, რომ არ მოსწონდა წინასაარჩევნო კამპანია და მეორე მხრივ, არ მონაწილეობს საარჩევნო კოდექსის ცვილებებში, ერთი მხრივ ამბობდა, რომ გაყალბდა არჩევნები და არ მონაწილეობს საგამოძიებო კომისიაში. გუშინდელმა ეუთო/ოდირის დასკვნამ უკვე საბოლოოდ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით ბოლო ორი- სამი თვის განმავლობაში, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ამავდროულად, იქ არსებული ხარვეზები ჩვენი მხრიდან უკვე დაინიცირებულია.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა ჯერი არის მათზე, მათ უნდა გადმოდგან ეს ნაბიჯი. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა კი არა, თავიანთი ამომრჩევლებისვე მოთხოვნა შეასრულონ, შემობრძანდნენ პარლამენტში, მათ შორის საგამოძიებო კომისიაში, თუ რამე კითხვები და მტკიცებულებები აქვთ, აქ წარმოადგინონ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციას, რომლებიც დღეს არ არიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში შესვლა მოუწევს.

„ჩვენ გვიღრმავდება რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას მოუწევს პარლამენტში შემოსვლა. ნებისმიერი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, ასევე ეუთო/ ოდირის დასკვნებით, საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს მიერ არის მიცემული ლეგიტიმაცია ამ არჩევნებზე. ჩვენ ვიცით ყველა ოფიციალური კვლევა, „ენდიაის“ კვლევა, არაერთი მათივე შიდა კვლევებით დასტურდება, რომ პოლიტიკურად თავიანთ ამომრჩევლებში აქვთ მხარდაჭერა, მაგრამ არ აქვთ მხარდაჭერა ქუჩის აქციებთან დაკავშირებით. ამიტომ ყველა მოცემულობა გვიქმნის იმის რწმენას, რომ ოპოზიციიდან, რომლებიც დღეს არ არიან პარლამენტში, უდიდესი ნაწილი დაფიქრდება იმაზე, რომ მათი პოლიტიკური მომავლის გამო მაინც უნდა უზრუნველყონ პარლამენტში მუშაობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.