გურამ მაჭარაშვილი - დეზინფორმაციისთვის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს
გურამ მაჭარაშვილი - დეზინფორმაციისთვის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს

როდესაც საუბარია, თითქოს გარემოს დაცვის სააგენტომ იცოდა, უთხრა უწყებებს და არ გაითვალისწინეს ან სისტემამ არ იმუშავა, ეს არის დეზინფორმაციის ნაწილი, რასაც ბოლო უნდა მოეღოს, – ამის შესახებ შოვში მომხდართან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დეზინფორმაციისთვის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს.

„ძალიან კარგად შეაფასა ეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ვერანაირად ვერ შეფასდება დეზინფორმაციის ეს უდიდესი ტალღა, თუ არა თავდასხმა საზოგადოებაზე, რომლის მიმართაც ასეთი დეზინფორმაცია, ასეთი დიდი მასშტაბებით გამოიყენა ზოგიერთმა არასამთავრობო სექტორმა და ნაწილობრივ პოლიტიკოსებმა რადიკალური ოპოზიციიდან. არც მალავენ, რას ემსახურება ეს დეზინფორმაცია. ნებისმიერ შემთხვევაში ისრები გადაიტანონ ხელისუფლებისკენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვითომ პოლიტიკოსები და ვითომ არასამთავრობო სექტორი დღესაც ბოდიშს არ იხდიან დეზინფორმაციისთვის, რომელიც უკვე დადასტურდა. მიზანი იყო, რომ შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება. ბუნებრივია, ასეთი ტიპის დეზინფორმაციებისთვის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. რა ინფორმაციასაც ავრცელებს, იმაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ან ის მაინც უნდა თქვას, რომ არ არის ამ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი და წყარო მიუთითოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.