გურამ მაჭარაშვილი - დავით გარეჯში ამ დროისთვის აბსოლუტური სიმშვიდეა
გურამ მაჭარაშვილი - დავით გარეჯში ამ დროისთვის აბსოლუტური სიმშვიდეა

დავით გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის აბსოლუტური სიმშვიდეა. ადგილზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელიც ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის მოლაპარაკების შედეგად დასრულებულია, – ამის შესახებ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ აუცილებელია საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება ჰქონდეს.

„საზოგადოების ყველა მხარეს, რომელიც ჩართულია ამ მოლაპარაკებაში, მინდა მივმართოთ, რომ კომისიას, რომელიც შექმნილია დემარკაცია-დელიმიტაციისთვის ამ ორ ქვეყანას შორის, მივცეთ საშუალება, მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მიაღწიონ შეთანხმებას, რაც საბოლოო ჯამში, ამ ორი პარტნიორი ქვეყნის, აზერბაიჯანის და საქართველოს გადასაწყვეტია, რისი მაღალი მოლოდინიც გვაქვს. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის ინციდენტები მოლაპარაკებებს ხელს ვერ შეუშლის და საზოგადოება ამ საკითხს პრაგმატულად უნდა მიუდგეს, რათა დემარკაციის პროცესს ხელი არ შეეშალოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, დემარკაციის პროცესი ხანმოკლე არ არის და ეს საკითხი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იდგა.

„ყველა ხელისუფლებას ედგა ეს პრობლემა, თუმცა ის გადაწყვეტადია და გარკვეულ დროს საჭიროებს. პრაგმატული პოლიტიკა არ ნიშნავს პოზიციების დათმობას. ჩვენ გვინდა ამ ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელება. ეს ნიშნავს, რომ არ ვიცით რამდენ ხანში, მაგრამ პრაგმატულ დროში და იმ პოზიციების გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას აქვს, მივაღწევთ შეთანხმებას, რაც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. თუმცა, ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.