გურამ მაჭარაშვილი - დარწმუნებული ვარ, პროკურატურას არ შეეშლება, გამოკვეთოს ის ინდივიდები, რომლებიც საბოტაჟს აპირებდნენ ან უკვე განახორციელეს, საბოტაჟი დასჯადია და არავის უნდა გაუვიდეს
გურამ მაჭარაშვილი - დარწმუნებული ვარ, პროკურატურას არ შეეშლება, გამოკვეთოს ის ინდივიდები, რომლებიც საბოტაჟს აპირებდნენ ან უკვე განახორციელეს, საბოტაჟი დასჯადია და არავის უნდა გაუვიდეს

საბოტაჟი გამოიხატა როგორც აქციებზე, ისე გზებისა და მაგისტრალების გადაკეტვით. ბევრმა საჯაროდ თქვა, რომ ამ ყველაფრის მიზანი იყო, ქვეყანაში, ოთხ მილიონ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნან და ეკონომიკა ჩამოიქცეს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საბოტაჟი დასჯადია და არავის უნდა გაუვიდეს.

„საბოტაჟი სახეზეა, რისი ნიშნებიც არა მხოლოდ გამოსაკვლევი, არამედ აღიარებულია. აბა, რა არის, როცა გვარამია-ჯაფარიძე ბრიუსელში დგნან და საკუთარ ქვეყანას აშავებენ, სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ საუბრობენ და ევროპელებს თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებისკენ მოუწოდებენ? ეს არის სწორედ საბოტაჟის განმარტება. ეს ბევრს გაუკეთებია და საბოტაჟი გამოიხატა როგორც აქციებზე, ისე გზებისა და მაგისტრალების გადაკეტვით. ბევრმა საჯაროდ თქვა, რომ ამ ყველაფრის მიზანი იყო, დიახ, ქვეყანაში ოთხ მილიონ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნან და ეკონომიკა ჩამოიქცეს. ეს მათი საჯაროდ აღიარებული განცხადებებია. სწორედ ეს არის საბოტაჟის ნიშნები. დარწმუნებული ვარ, პროკურატურას არ შეეშლება, ის ინდივიდები გამოკვეთოს, ვინც საბოტაჟს აპირებდნენ ან უკვე განახორციელეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება.