გურამ მაჭარაშვილი - ჩვენს კანონპროექტს თუ არ წაიკითხავ და ისე გექნება პრეტენზიები, ვითომ რუსული კანონია, ეს უცოდინრობა ან შეგნებული სპეკულაციაა, რასაც საზოგადოება არ დაიჯერებს
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენს კანონპროექტს თუ არ წაიკითხავ და ისე გექნება პრეტენზიები, ვითომ რუსული კანონია, ეს უცოდინრობა ან შეგნებული სპეკულაციაა, რასაც საზოგადოება არ დაიჯერებს

ჩვენს კანონპროექტს თუ არ წაიკითხავ და ისე გექნება პრეტენზიები, ვითომ რუსული კანონია, ეს უცოდინრობა ან შეგნებული სპეკულაციაა, რასაც საზოგადოება არ დაიჯერებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტი ფინანსურ გამჭვირვალობას ემსახურება.

„სამწუხაროდ, კანონპროექტს არ კითხულობენ. უპირველესად, ეს კანონპროექტი ემსახურება ფინანსურ გამჭვირვალობას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს შესაბამის არასამთავრობო სექტორს, აიპებს და მედიასაშუალებებს. ეს ფიზიკურ პირებს არ ეხებათ. ევროპარლამენტმა ჩვენ რა უნდა მოგვიწოდოს, როდესაც თავად დააინიცირა კანონი სწორედ ასეთი სახელწოდებით, „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ და პირდაპირ თქვა, რომ ევროპარლამენტში მსგავსი კანონი უნდა მიიღონ და დაიცვან უსაფრთხოება. ჩვენს კანონპროექტს თუ არ წაიკითხავ და ისე გექნება პრეტენზიები, ვითომ რუსული კანონია, ეს ან უცოდინრობაა ან შეგნებული სპეკულაცია, რომელსაც საზოგადოება არ დაიჯერებს. საკომიტეტო მოსმენა ღიაა, ნებისმიერ ერთ წინადადებაზეც კი, რომელზეც იტყვიან, რომ არ წერია ამერიკის კანონში ან ეწინააღმდეგება რომელიღაც დემოკრატიულ პრინციპს, მზად ვართ, ვიმსჯელოთ. მსგავსი ბაზაა გერმანიაში, ისრაელში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, ნედ პრაისის განცხადება ემსახურებოდა არა იმას, რომ ჩვენს კანონპროექტთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეკითხვები ექნებოდათ, არამედ, სამწუხაროდ, ემსახურებოდა იმას, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში როგორმე შეიქმნას ნეგატიური განწყობა. ჯერ კანონის განხილვაც არ დაწყებულა და თავიდანვე უნდათ, არასწორი ინტერპრეტაციები შემოიტანონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ჩანს, რომ კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიღაც ამერიკულ კანონმდებლობას.