გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორებიც მოვუწოდებდით ოპოზიციას, ცესკო-ში სიები არ ჩაეხსნათ, იმ ლაბირინთს, სადაც შევიდნენ, თავი თავად დააღწიონ
გურამ მაჭარაშვილი - ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორებიც მოვუწოდებდით ოპოზიციას, ცესკო-ში სიები არ ჩაეხსნათ, იმ ლაბირინთს, სადაც შევიდნენ, თავი თავად დააღწიონ

შალვა ნათელაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ბადრი ჯაფარიძემ ვითარება იქამდე მიიყვანეს, რომ კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავის დაუძალებია, სამართალდარღვევები ჩაედინათ, ნათელაშვილი და ხოშტარია კი, არ დადიოდნენ სხდომებზე.

„შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის წევრები არიან, რომლებმაც თავიანთი ქმედებებით ვითარება იქამდე მიიყვანეს, რომ კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. არავის დაუძალებია, სამართალდარღვევები ჩაედინათ,  ნათელაშვილი და ხოშტარია არ დადიოდნენ სხდომებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და ცივილიზებული სამყარო მოვუწოდებდით, ევლოთ პარლამენტში. დღეს ასე უტიფრად, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი აცხადებს, თითქოს ჩვენ ვუწყვეტთ უფლებამოსილებას. აქ არანაირი სუბიექტური მიდგომა არ არის.

რაც შეეხება სიებს, ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორებიც მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ სიები ცესკო-ში არ ჩაეხსნათ, რადგან ეს არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ახლა რატომღაც უნდათ, ეს სიები ჩვენკენ შემოატრიალონ, მაგრამ ამას არავინ დაუჯერებს. ეს მათი შეცდომა იყო და მათ შორის პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც შეცდომას უშვებს. იმ ლაბირინთში, სადაც თვითონ შევიდნენ, თავი თვითონ დააღწიონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეაგხსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.