გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა, გადატვირთვის პროცესი დაწყებულია და იმედია, პოზიტიურად გაგრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც პრეზიდენტ ყაველაშვილისთვის წერილის გაგზავნით პარტნიორული ურთიერთობისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა, თქვა, რომ მზად არის, ამერიკამ საქართველოსთან ურთიერთობები განაახლოს, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება მისასალმებელია, საქართველო მზად არის პრაქტიკული ნაბიჯებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გადატვირთვის პროცესი დაწყებულია და იმედია, პოზიტიურად გაგრძელდება.
„ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს და თავის კერძო ბიზნესს ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავს, არცერთ შემთხვევაში არ აერთიანებს, რათა მისი სუბიექტური მოსაზრებები სახელმწიფოებრივი პოზიციის დაზიანების საფუძველი არ გახდეს. შესაბამისად, აშშ-ის საელჩოს წერილი, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა, სულ მცირე, გაუგებარია, რადგან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მან საელჩოს არაერთხელ უთხრა, უსამართლო პირობებში, როცა სანქციების ქვეშ ამყოფებენ, სახელმწიფოებრივი საკითხები მისთვის სენსიტიური იქნებოდა. ეს ბუნებრივად გასაგებია, რადგან როცა ორ მხარეს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები აქვს და ერთი მხარე მეორეს მხრიდან უსამართლოდ არის დაჩაგრული, საკითხზე გაურკვევლობაა, ამ ფონზე კი გინდა, რომ ამ ადამიანს სახელმწიფოს მიმართულებით რაღაცები მოსთხოვო, კითხვები ყოველთვის გაჩნდება, ხომ არ დათმო რაიმე თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას, როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ურთიერთობის გადატვირთვის პრობლემა არ აქვს, მაგრამ პოლიტიკა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს და მეორეხარისხოვან ქვეყნად წარმოაჩენს, არ მიიღება.
„რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას, ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც ვამბობდით, რომ სახელმწიფოსთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ პოლიტიკა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს და მეორეხარისხოვან ქვეყნად უყურებს, ამას არ მივიღებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანია ერთი ერთში ემთხვეოდა ქართული ხელისუფლების პოზიციას თითქმის ყველა საკითხზე, გადატვირთვის იმედი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობაში რამდენიმე თვე ბუნდოვანება იყო, ამერიკის პრეზიდენტის ნაბიჯი დავინახეთ, რომელმაც პრეზიდენტ ყაველაშვილს არა მხოლოდ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, არამედ, პრაქტიკულად, პარტნიორული ურთიერთობისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა და თქვა, რომ მზად არის, ამერიკამ საქართველოსთან ურთიერთობები განაახლოს. მისი განცხადება მისასალმებელია, მზად ვართ, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ გადატვირთვის პროცესი დაწყებულია და იმედია, პოზიტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.