გურამ მაჭარაშვილი - კელი დეგნანი ცდილობს, კონტროლი დაამყაროს მართლმსაჯულებაზე, ეს არის პირდაპირი გალაშქრება სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ქვეყანა
გურამ მაჭარაშვილი - კელი დეგნანი ცდილობს, კონტროლი დაამყაროს მართლმსაჯულებაზე, ეს არის პირდაპირი გალაშქრება სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ქვეყანა

აშშ-ის ელჩი პირდაპირ ცდილობს, კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე. ეს არის არა მხოლოდ არაპარტნიორული ნაბიჯი, არამედ ვასალური დამოკიდებულება და პირდაპირი გალაშქრება სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა, ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დავიცვათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს უნდა პარტნიორული და არა – ბატონყმური ურთიერთობა, რასაც ამ ბოლო დროს მიმართავს ქალბატონი ელჩი.

„ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი იქნას დაცული. ელჩმა უკვე დაადასტურა, რაც ჩვენ – „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ სწორედ საელჩოდან იქნებოდა წამოსული სანქციების თემაც და კომისიის შექმნის ინიციატივაც. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ის, რომ ელჩი პირდაპირ ცდილობს, კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე, არის არა მხოლოდ არაპარტნიორული ნაბიჯი, არამედ ვასალური დამოკიდებულება და პირდაპირი გალაშქრება სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა დავიცვათ.

ჩვენ გვინდა პარტნიორული და არა – ბატონყმური ურთიერთობა, რასაც, სამწუხაროდ, ქალბატონი ელჩი ამ ბოლო დროს მიმართავს ხოლმე. ამიტომ იმედი გვაქვს, მომავალი ელჩი ამ შეცდომებს აღარ დაუშვებს. რაც შეეხება ამ შემთხვევაში საგამოძიებო კომისიას, თუ ქალბატონი ელჩი ფიქრობს, რომ არაარგუმენტირებული მტკიცებულების გარეშე კომისია უნდა შექმნას პარლამენტმა, მაშინ, როდესაც „ბიბისის“ მიერ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შემდეგ კეზერაშვილზე უკვე დადასტურდა, რომ გაძარცვა მან ევროპელი პენსიონერები და აქ ის არ ფიქრობს, რომ უნდა იყოს გამოძიებული, სწორედ ეს არის მისი ორმაგი სტანდარტი, ამას ხედავს საზოგადოება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.