გურამ მაჭარაშვილი - ამნისტიის ჩვენი კანონპროექტი იქნება ყველაზე თავსებადი მიშელის დოკუმენტთან, მზად ვართ, ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ კანონპროექტი
გურამ მაჭარაშვილი - ამნისტიის ჩვენი კანონპროექტი იქნება ყველაზე თავსებადი მიშელის დოკუმენტთან, მზად ვართ, ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ კანონპროექტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამნისტიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები უქმე დღეების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება.

„საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეები. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის პარლამენტსაც ეხება უქმე დღეები. აქედან გამომდინარე, უქმე დღეების შემდეგ, უახლოესი ბიურო როცა ჩატარდება, აქვე დარეგისტრირდება როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები ამნისტიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაეწერება დარგობრივ კომიტეტებს და მოხდება პირველი სააკომიტეტო მოსმენა ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე შეფასებით, უმრავლესობის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ზუსტად პასუხობს იმ პათოსსა და პრინციპებს, რაც მითითებულია შარლ მიშელის დოკუმენტში და რომელიც ხელმოწერილია როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის მხრიდან.

„ალტერნატიულ კანონპროექტში, რომელიც დააინიცირა ოპოზიციამ, პრინციპები იგივე არის. განსხვავება არის ის, რომ ოპოზიციამ დამატებითი კომპონენტი ჩადო თავის კანონპროექტში, ეს გახლავთ დაზარალებულების თანხმობა. კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან.

ამნისტიის საკითხი არ იყო ჩვენი ინიციატივა, ჩვენი ევროპელი კოლეგების ინიციატივა იყო, რომ 20 ივნისის საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური ფურცელი გადაშლილიყო. კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ მათ შორის ოპოზიციაც დაუჭერს მხარს იმ პრინციპს, რომელიც არის ჩადებული შარლ მიშელის დოკუმენტში.

ჩვენ იქ არსებული პრინციპის საწინააღმდეგოს ვერაფერს ჩავდებთ, თუმცა მზად ვართ, ოპონენტებთან გვქონდეს კონსულტაციები და ერთობლივად მივიღოთ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. დაზარალებულების თანხმობას, მაჭარაშვილის აზრით, აღნიშნული მექანიზმი თავშივე გამორიცხავს, რომ საერთოდ ამნისტია შედგეს.

„დაზარალებულის თანხმობის პრინციპს თუ შევიტანთ ამნისტიაში, ეს ნიშნავს, რომ როგორც მოქალაქეების, ასევე პოლიციელების მხრიდან, რომლებიც არიან დაზარალებულები, უარის თქმის შემთხვევაში, საერთოდ ვერ ამოქმედდება ეს ამნისტია, გამოდის, რომ ამით ვეწინააღმდეგებით იმ პათოსს, რომელიც არის ჩადებული შარლ მიშელის დოკუმენტში.

ჩვენ ეს არ გვინდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ოპონენტებსაც კარგად ესმით, რას ნიშნავს დაზარალებულის თანხმობის პრინციპის ჩადება, რადგან ეს პრაქტიკულად ხელს შეუშლის ამნისტიის ამოქმედებას. ვფიქრობ და იმედი გვაქვს, მათ შორის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების რეკომენდაციების საფუძველზე, თავად ისინიც დათანხმდებიან კანონპროექტის ისეთი ფორმით მიღებას, როგორიც არის ჩადებული შარლ მიშელის დოკუმენტში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.